
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უსამშობლოთა გაერთიანებაა, ამ ყველაფერს კონკრეტული საფუძველი აქვს და ნიკა გვარამიას განცხადებაც უსამშობლოების კლასიკური მაგალითია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძე „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„როგორ შეიძლება, შენი ქვეყნის სუვერენიტეტის, შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ისტორიის საწინააღმდეგოდ ილაპარაკო. ეს ჰგავს გარედან მიღებულ პირდაპირ დავალებას. პატრონები ცდილობენ, როგორმე გატესტონ ახალი ნარატივი, თითქოს ჩვენი ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენთვის ისეთი ტვირთია, რომელიც აუცილებლად მოსაშორებელია და სად უნდა მოშორდეს, თუ არა ისევ და ისევ ოკუპანტ ქვეყანასთან. ამის დასაწყისია ბარამიძის განცხადება, თითქოს ქართველები ომის დანაშაულებს სჩადიოდნენ, რაც ტყუილი და მოღალატეობრივი განცხადებაა. მოღლატეობრივი განცხადების გაგრძელებაა ნიკა გვარამიას შესაბამისი დევიზის, ლოზუნგის თუ ნებისმიერი მოღალატეობრივი სიტყვების გაჟღერება და შემდეგ ამ ყველაფერს აჰყვა მათი გაგრძელება – არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის სახით.
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ როგორც წარსულში, ისე აწმყოში ებრძვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ისინი სამართლებრივად შეფასდნენ, როგორც არაკონსტიტუციური ძალა და ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკურ ველს მოშორდნენ. უსამშობლოთა ადგილი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ველზე არ არსებობს და არც უნდა იყოს“,- განაცხადა გორდულაძემ.
მისივე თქმით, „სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა მათი ურთიერთობაა და ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან“.
„როგორ შეიძლება, ადამიანს მოსწონდეს და ამაყობდეს შემთხვევით, როდესაც ქვეყანა კონკრეტულ ტერიტორიებს კარგავს. სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა მათი ურთიერთობაა, ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან. ჩვენთვის უბრალოდ ტერიტორიები არ არის, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად ერთიან განვითარებულ საქართველოში ვიცხოვროთ, რისი მოწინააღმდეგეც კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. როგორც მიხეილ სააკაშვილისთვის 120-ზე მეტი ოკუპირებული სოფელი იყო ქვების გროვა, ასეთივე ქვების გროვად არის ნიკა გვარამიასთვის და გარე ძალების სხვა დამქაშებისთვის ჩვენი ტერიტორიები. ისინი ყველაფერს, სულსაც კი გაყიდიან, რომ როგორმე საკუთარი სარგებელი, ჯიბის გასქელება თუ პოლიტიკური ქულები გაამრავლონ. ამის მაგალითია როგორც გვარამია, ისე ბარამიძე და მიქელაძე, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
0
0