29/01/2026
15:11

ევროპული ფონდებიდან შემოსული თანხები ხმარდებოდა „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, ადამიანების დასასახიჩრებლად ფოიერვერკებს და რევოლუციის მოწყობის მცდელობას. არ მოსწონთ, რომ საქართველოში „შავი ფულის“ შემოტანის შესაძლებლობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მარტა კოსისა და კაია კალასის განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.
გორდულაძის თქმით, იმის გამო, რომ საქართველოში რევოლუციასა და დამხობას ვერ შეძლებენ, ახლა დემოკრატიულ უკუსვლაზე დაიწყეს საუბარი.
„ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის განცხადებით, ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის პირას დგას. ამ რეალობის გათვალისწინებით, მარტა კოსსა და კაია კალასს თუ დრო აქვთ, საქართველოზე განცხადებები აკეთონ, საინტერესოა, ამაზე რა პასუხს მიიღებენ საკუთარ ქვეყნებში, საკუთარი ხალხის მიერ. წესით, მათ ამის დრო არ უნდა ჰქონდეთ. ვინც არჩეული არ არის, მათი მიზანია, იმ პირების გავლენა გაატარონ, ვისაც განსაკუთრებული ძალაუფლება აქვთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მარტა კოსის განცხადება იყო, რომ ეძებენ გზებს, რათა საქართველოში თანხები შემოიტანონ და ის ორგანიზაციები და პირები დააფინანსონ, რომელთაც საჭიროდ ჩათვლიან. ვიხილეთ, რას ხმარდებოდა ევროპული ფონდებიდან შემოსული თანხები – „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, ადამიანების დასასახიჩრებლად ფოიერვერკებს და რევოლუციის მოწყობის მცდელობას. არ მოსწონთ, რომ საქართველოში „შავი ფულის“ შემოტანის შესაძლებლობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
იმის გამო, რომ რევოლუციასა და დამხობას ვერ შეძლებენ, ახლა დემოკრატიასა და უკუსვლაზე საუბრობენ. ყველამ თავის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში ჩაიხედოს – დემოკრატიის უკუსვლა კი არა, ევროკავშირის მოქმედ ბიუროკრატიაში დემოკრატიის ნასახიც კი აღარ არის. რის საფუძველზეც შეიქმნა ევროკავშირი – ქრისტიანობა, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა – დღეს აღარ არის. ახლა მხოლოდ ფსევდოიდეოლოგიის გატარებას ცდილობენ და ამ ნაბიჯების შედეგებს რეცესიის მიმართულებით ვხედავთ“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
0
0