
ბიზნესმა უნდა აკეთოს მისი ბიზნესი ისე, რომ სხვა არ დააზარალოს - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ რადიო ,,სივრცეში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ ეკონომიკის ზრდის პირობებში, მოქალაქეების შემოსავლების ზრდის პარალელურად, პროდუქტებისთვის ხარჯები არ უნდა უძვირდებოდეთ.
მისი თქმით, თავისუფალი ბაზრის ანბანია, რომ როდესაც ერთი და იგივე ნივთი სხვადასხვა ქსელში იყიდება, მინიმუმ ერთმა ქსელმა მაინც უნდა გააიაფოს, საქართველოს რეალობაში ერთა და იგივე საქონელი, ყველა ქსელში ღირს ერთი და იგივე.
"ჩნდება ლოგიკური კითხვა, ხომ არ არს კარტელური შეთანხმება, რომ ფასები იყოს ერთნაირი და რომ ყველამ იხეიროს რიგითი მოქალაქის ხარჯზე“ – ამბობს გორდულაძე.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ მსხვილი ბიზნესმენები ქართული ოცნების მფარველობით სარგებლობენ და ფასების თემას რეალური შედეგი არ მოყვება, არჩილ გორდულაძე ამ მსჯელობაში იგივე ლოგიკას ხედავს, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებას რუსულს და რუსეთის ინტერესების გამტარებელს ეძახიან თუ მას რუსეთის რომელიმე ჩინოსანი შეაქებს.
,,ჩვენ რომ რაიმე კომუნიკაცია გვქონდეს რუსებთან, პირველ რიგში ხომ ვეტყოდით ,,ნუ გვაქებთ“ , რადგან პოლიტიკურად გვაზიანებს, და ვეტყოდით გაგვლანძღეთ, რომ ქვეყანაში დადებით კონტექსტში გამოვჩნდეთ როგორც რუსებთან მებრძოლები და მეომრები, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება აკეთებდა. იგივეა ამ შემთხვევაშიც, ,,ქართულ ოცნებას’’ რომ რაიმე უკანონო ინტერესი ჰქონდეს და გარიგებული იყოს რომელიმე ბიზნესთან, ამ საკითხს ხომ არ წამოჭრიდა პრემიერ-მინისტრი? გავჩუმდებოდით, არაფერს გავაკეთებდით და დალაგებული ბიზნესი გააგრძელებდა მოსახლეობის ხარჯზე მისი შემოსავლების ზრდას“ - განაცხადა გორდულაძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე დგამს ნაბიჯებს და არა იმის მიხედვით, ზიანდება თუ არა პოლიტიკურად.
0
0