24/09/2024
10:40
არჩევნები 2024
არჩევნებში გარედან ზღვარგადასული ჩარევების გამო, საარჩევნო პროცესი უკვე არათანაბარ და უსამართლო გარემოში მიმდინარეობს, - ნათქვამი საზოგადოება „ქართულის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„გასულ კვირას ქართული საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში, რომელიც საქართველოში NDI-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა ლარა თორნტონმა მოამზადა. ამ დოკუმენტიდან ცხადი გახდა, რომ გარკვეული ძალები დასავლეთში, უკვე საჯაროდაც აღარ მალავენ საქართველოსთან დაკავშირებულ დესტრუქციულ გეგმებს.
ანგარიში გამონაკლისი არ არის. აშშ ადმინისტრაციის ბოლო უჩვეულოდ ინტენსიური აქტივობები მიუთითებს დასავლეთის დაინტერესებული ძალების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე გარედან ზემოქმედების მოხდენის მრავალთაგან კიდევ ერთ მცდელობას.
პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა კიდევ ერთხელ დაფიქსირება იმისა, რომ ე. წ. ქართული არასამთავრობოები საქართველოს მოსახლეობის დასჯის მიზნით, ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვენ. ეს პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ გარედან დაფინანსებული ეს არასამთავრობოები რეალურად, უცხოური სახელმწიფოების სამთავრობო ორგანიზაციები არიან და ხელმძღვანელობენ არა ქართველი ხალხის, არამედ დამკვეთების მითითებებით.
საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა ამ საკითხის პოლიტიკურ-ფსიქოლოგიურ იარაღად გამოყენება ქართველ ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის. საზოგადოება „ქართული“ მიიჩნევს, რომ ასეთი რადიკალური, უსამართლო და მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული გეგმების უკან, მიუხედავად დემოკრატიული უკუსვლების ლოზუნგებით შეფუთვისა, რეალურად დგას მიზანი- როგორმე ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი სტრატეგიული გეგმების ბრმად აღმსრულებელი მთავრობა.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშის მიხედვით თუ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მათთვის არასასურველი შედეგით დასრულდა, ის არალეგიტიმურად უნდა გამოაცხადონ და სრული იგნორირება გაუკეთონ ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. ანგარიშის მიხედვით, „ხმების პარალელური დათვლის (PVT) და ეგზიტპოლების შედეგები ასევე კრიტიკული იქნება ცესკოს ოფიციალური არჩევნების შედეგების დამოწმებისთვის“. თუ გავითვალისწინებთ 2020 წლის PVT-ს მიზნობრივი გაყალბების პრეცედენტს, არც ახლა უნდა ველოდოთ სამართლიანი არჩევნებისგან სამართლიან დასკვნას. იგი იქნება ისეთი, როგორი მოთხოვნაც აქვს დამკვეთს.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არჩევნების ლეგიტიმურად ცნობის გადამწყვეტი ფაქტორი თურმე მხოლოდ სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოზიცია ყოფილა. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ეს შედეგების აღიარების ერთ-ერთი ფაქტორია და არა ერთადერთი. თუ რა დასკვნას დაწერენ ამერიკის მთავრობის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ე. წ. არასამთავრობოები, რომლებიც არჩევნებზე დამკვირვებლებად გვევლინებიან ხოლმე, არ უნდა იწვევდეს კითხვებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ომის პარტიის ამერიკული ინსტიტუტები ჯერ კიდევ ჩაუტარებელ არჩევნებს წინასწარ არალეგიტიმურად აცხადებენ და საპროტესტო გამოსვლებს „პროგნოზირებენ“ თუ აორგანიზებენ. ნათელია, რომ არასამთავრობოები და დამკვირებლები სიცრუის მოწმეებად იქნებიან გამოყენებულები.
რაც შეეხება დასავლელი ინტიტუტებისადმი ფონდის რჩევებს იმ შემთხვევისთვის, თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, არის ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და არჩევნებზე გარედან ზემოქმედების დანაშაულებრივი მცდელობა. გარდა ამისა, ის შეიცავს პირდაპირ შანტაჟს ქართველი ხალხისადმი, რომელსაც ემუქრებიან კანდიდატის სტატუსის შეჩერებით, დახმარების შეწყვეტითა და სანქციებით თუ მათთვის სასურველ არჩევანს არ გააკეთებს. ეს არ არის დემოკრატია, არც კანონიერება და არც სამართლიანობა, ვერც ვერავინ მოგვყიდის ამ ანტიდემოკრატიულ და უსამართლო ქმედებებს ასეთად.
ჩვენ, საზოგადოება „ქართულს“ მიგვაჩნია, რომ არჩევნებში გარედან ზღვარგადასული ჩარევების გამო, საარჩევნო პროცესი უკვე არათანაბარ და უსამართლო გარემოში მიმდინარეობს. ამიტომ, ვგმობთ საარჩევნო პროცესში გარედან გამიზნული ზემოქმედების ცინიკურ მცდელობებს, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვასთან, მოსახლეობისთვის ხელების გადაგრეხვისა და დესტაბილიზაციის ინსპირაციასთან.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - ომის პარტიის მიზანი ხელისუფლების შეცვლა და ძალაუფლების ისეთი ჯგუფისთვის გადაცემაა, რომელიც იქნება დამჯერი და უპრობლემოდ დათანხმდება მეორე ფრონტის გახსნას. დღეს უკვე ნათელია, რომ ამ გეგმების ნაწილი იყო დასავლელი „პარტნიორების“ მხრიდან 2020 წლის არჩევნების აღიარების დროში გაწელვა და 2021 წლის არჩევნების პერიოდში ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის საქართველოში პროვოკაციული შემოპარება.
არანაკლებ გამაოგნებელია ფონდის მხრიდან ე.წ. ქართული არასამთავრობოების წაქეზება დანაშაულის ჩადენისკენ და ამ დანაშაულში თანამონაწილეობა. საინტერესოა, რას იტყოდა ამერიკული მართლმსაჯულება, რომ იქაური ორგანიზაციები დამატებით თანხებს იღებდნენ უცხოეთიდან მხოლოდ იმიტომ, რომ კანონისთვის გვერდი აევლოთ და ფინანსურად გაუმჭვირვალედ დარჩენილიყვნენ.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გვსურს მივმართოთ იმ დასავლურ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც დგანან მსგავსი ანგარიშებისა თუ გეგმების უკან - ქართველ ხალხის სუვერენული უფლებაა, აირჩიოს ის, ვინც თავად სურს და ენდობა. ხელისუფლების შეცვლის გარედან თავსმოხვეული ნებისმიერი სცენარი საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას გამოიწვევს და ამით კავკასიაში ახალი შესაძლებლობების მაგივრად, მივიღებთ გეოპოლიტიკურ ჩიხს.
გვინდა იცოდნენ მეორე ფრონტის გახსნის მოსურნეებმა, რომ საქართველოში გადმოსროლილი 30 ათასი რუსი ჯარისკაცი ვერანაირად ვერ დაეხმარება ორი ათას კილომეტრზე გადაჭიმულ უკრაინის ფრონტს. სამაგიეროდ, ევროპისთვის და ამერიკისთვის საბოლოოდ ჩაიკეტება ის დერეფანი, რომელსაც თავად დასავლელი ექსპერტები მომავლის „სიცოცხლის გზას“ უწოდებენ. ომის პროვოცირებით, რომელშიც გამარჯვების არანაირი შანსი არ გვაქვს, წყალში ჩაიყრება 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა და დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში დაკარგავს უკანასკნელ საიმედო დასაყრდენს.
ამაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ომის პარტიის იმ რადიკალურ ძალებს, რომლებიც გარედან შანტაჟითა და შიგნიდან არეულობის პროვოცირებით ცდილობენ ქართველის ხალხის თავისუფალი ნების მიტაცებას და ქვეყნის ისეთ ავანტიურაში გახვევას, რომლისგანაც გამოსვლას თაობების შრომა და მცდელობები დასჭირდება.
საბედნიეროდ, ჩვენ არ ვართ ამ ბრძოლაში მარტო. დასავლეთში სულ უფრო ხმამაღლა გაისმის პოლიტიკური ელიტის იმ ჯანსაღი და კრიტიკული ნაწილის ხმა, რომლებიც ომის პარტიისა და ნეოლიბერალი რადიკალების დესტრუქციული გეგმების წინაააღმდეგ აშკარად გამოდიან და მსოფლის ხალხებს მშვიდობასა და სასიკეთო ცვლილებებს სთავაზობენ.
საზოგადოება „ქართული“
გარედან დაფინანსებული ეს არასამთავრობოები, რეალურად უცხოური სახელმწიფოების სამთავრობო ორგანიზაციები არიან.
ხელისუფლების შეცვლის გარედან თავსმოხვეული ნებისმიერი სცენარი საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას გამოიწვევს და ამით კავკასიაში ახალი შესაძლებლობების მაგივრად, მივიღებთ გეოპოლიტიკურ ჩიხს,“ - ნათქვამია განცხადებაში.
0
0