26/10/2024
22:33
არჩევნები 2024
ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა.
კალანდარიშვილის თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებამ მისცა საშუალება, რომ კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 45 წუთში წინასწარი პირველადი შედეგები გაეცნოთ.
მისი შეფასებით, არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა.
„დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. სწორედ
დღეს, პირველად გამოვიყენეთ ასეთი ფართო მასშტაბით საარჩევნო ელექტრონული აპარატები და დღის ბოლოს უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, არჩევნები შედგა - არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპი წარმატებით განხორციელდა.
არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ამომრჩეველთა აქტივობა და ის ფაქტი, რომ პროცესი წარიმართა ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია ორგანიზება არჩევნებს.
ამომრჩევლები ტექნოლოგიების გამოყენებით მარტივად, შეუფერხებლად აკეთებდნენ არჩევანს. ეს, რა თქმა უნდა, შედეგია იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა სწორად, მიზანმიმართულად დაგეგმა და შესაბამისად, ეფექტიანად განახორციელა. თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ამომრჩეველთა ინფორმირების, ქცევის ტრანსფორმირებაზე ორიენტირებული, უპრეცედენტო და ფართომასშტაბიანი კამპანია, გაიმართა შესაბამისი ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა, ასევე განხორციელდა საარჩევნო პროცესში რისკების დაზღვევაზე ორიენტირებული საქმიანობა და სხვა არაერთი ნოვაციური პროექტი.
ჩვენთან ერთად არჩევნების წარმატებით წარმართვაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს როგორც ამომრჩევლებმა, ისე იმ ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში. ასევე მედიამ, რომელმაც როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღეს უზრუნველყო საარჩევნო პროცესების გაშუქება და ამომრჩეველთა ინფორმირება. გაწეული მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და მედიას.
სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და აქტიურობისთვის მადლობას ვუხდი ამომრჩევლებს. და, რა თქმა უნდა, არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის მადლობას ვუხდი საარჩევნო მოხელეებს, რომლებსაც, ზოგ შემთხვევაში, უპრეცედენტო ზეწოლისა და უსამართლო ბრალდების ფონზეც კი უწევდათ მუშაობა, მაგრამ შეძლეს და კენჭისყრის პროცესი შეუფერხებლად წარმართეს“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
კალანდარიშვილის განმარტებით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებს საქმიანობა არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები ხელით დამატებით დაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები.
„სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებამ მოგვცა საშუალება, დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 45 წუთში გაგაცნოთ წინასწარი პირველადი შედეგები. თუმცა მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ ამ დროისთვის საარჩევნო უბნებს საქმიანობა არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები ხელით დამატებით დაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები. ახლა საარჩევნო უბნებზე სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.
რაც შეეხება შედეგებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 206 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.991% (935 004 ხმა) მიიღო. მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ რომელმაც 197 619 ხმა - 11.2% მიიღო. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 173 510 ხმა 9,83% „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ 159 306 ხმა - 9,029% გახარია საქართველოსთვის 145 205 ხმა - 8.229%
0
0