
„კონსერვატიული მოძრაობა“ [ალტ ინფო] 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთის პარტია "პატრიოტთა ალიანსთან" გაერთიანდა. ამის შესახებ მათ, ოფიციალურად 24 ივნისს პრეზენტაციაზე განაცხადეს.
"კონსერვატიული მოძრაობა" დაგეგმილ არჩევნებზე "პატრიოტთა ალიანსის" სიით გავა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, არა თუ ბარიერს გადალახავენ, "შთამბეჭდავი შემადგენლობით" შევლენ პარლამენტში.
"ქართული ოცნება მიზანმიმართულად ებრძოდა არა ნაციონალურ მოძრაობას და იმ განშტოებებს, რეალურად ებრძოდა კონსერვატორულ ფლანგს. მიზანია რის ის, რომ თითონ მოირგო კონსერვატორის ნიღაბი, გეუბნება, რომ მე ვარ კონსერვატორი და სხვა არავინ არ უნდა იყოს. ერთის მხრივ არის ულტრა ლიბერალების გაერთიანება, კრებითი სააკაშვილები, ნაცმოძრაობა და მათი განშტოებები, მეორეს მხრივ არის ლიბერალური, ქართული ოცნება, რომელიც დღეს გახდა თურმე კონსერვატორი", - თქვა ინაშვილმა.
"ალტ-ინფო" "პატრიოტთა ალიანსის" მეშვეობით რომ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, ამის შესახებ მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ 11 ივნისს განაცხადა. მაშინ მან თქვა, რომ სხვა "კონსერვატიულ ძალებთანაც" მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა გაერთიანდნენ და ისინიც "პატრიოტთა ალიანსით" შევიდნენ პარლამენტში.
როგორც ცნობილია, „ალტ-ინფოს“ „კონსერვატიული პარტიისთვის“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაცია 8 აპრილს გავრცელდა. პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა მიიღო.
0
0