
ქვეყანაში არჩევნების ჩასატარებლად საჭირო პირობები დიდწილად არ არის დაცული, ამდენად, ორგანიზაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, – ამის შესახებ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს.
მათივე თქმით, ორგანიზაცია გააგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგსა და შეფასებას.
„2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა მორიგი არჩევნები უნდა გაიმართოს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებისთვის ქვეყანაში არსებული გარემო და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად საჭირო პირობების არსებობა შეაფასა. ანგარიშისთვის მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის, როგორც ამ გაერთიანებაში გაწევრების კანდიდატი ქვეყნისთვის, წამოყენებული მოთხოვნა, ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები.
„სამართლიანი არჩევნების“ მოსაზრებით, ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის ის სამი პირობა, რაც მოიცავს ძირითადი უფლებების პატივისცემას, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და პროცედურული გარანტიების არსებობას, დიდწილად არ არის დაცული, რითიც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.
პოლიტიკური კონტექსტი
საქართველო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს პოლიტიკური კრიზისის, დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობის ფონზე ხვდება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, არაერთი საარჩევნო სტანდარტის დარღვევის გამო, ფართო ნდობას მოკლებული აღმოჩნდა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ოპოზიციის ბოიკოტსა და პარლამენტის ფაქტობრივ ერთპარტიულობას. ამ პირობებში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები, გააძლიერა ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე და ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დაიწყო. პარალელურად, ქვეყანაში მიმდინარეობს პროტესტის ჩახშობა ძალადობრივი მეთოდებითა და სამოქალაქო უფლებების შეზღუდვით. ამ ყოველივემ მნიშვნელოვნად დააზიანა დემოკრატიული არჩევნების პრინციპების განსახორციელებლად აუცილებელი ძირითადი უფლებების პატივისცემის პირობა. ასეთ კონტექსტში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები, კონკურენტული და ლეგიტიმური პროცესის ნაცვლად, სერიოზული პოლიტიკური კრიზისისა და შედეგების არაღიარების რისკის ქვეშ წარიმართება.
საკანონმდებლო ჩარჩო
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს ქვეყანა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიღებული მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებებით ხვდება, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულად, დაჩქარებული წესით და ინკლუზიური პროცესის გარეშე განახორციელა. ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუარესა საარჩევნო სისტემის განზომილებები, გამკაცრდა პარტიების აკრძალვის მექანიზმი და შეიზღუდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობა. აღნიშნული ცვლილებები ამცირებს საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და კიდევ უფრო აზიანებს არჩევნების ინსტიტუტისადმი საზოგადოებრივ ნდობას.
საარჩევნო სისტემა
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინ, ძირითადად კენჭისყრის დღემდე ერთ წელზე ნაკლები ხნით ადრე „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საარჩევნო სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანა, რამაც მანიპულაციის სახე მიიღო. არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ყველა ცვლილების მიზანი „ქართული ოცნებისთვის“ ხელსაყრელი პირობების შექმნა იყო, რითიც ძირეულად დაირღვა ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსით განსაზღვრული ერთ-ერთი პირობა დემოკრატიული არჩევნების პრინციპების განხორციელებისათვის.
„ქართული ოცნების“ ინტერესების შესაბამისად, გაუქმდა 40%-იანი ბარიერი საკრებულოს არჩევნების მაჟორიტარულ კომპონენტში; მკვეთრად გაიზარდა მაჟორიტარული ადგილების წილი მუნიციპალურ წარმომადგენლობით ორგანოებში; შემცირდა მრავალმანდატიანი ოლქის ზომა; პროპორციულ კომპონენტში ასევე გაიზარდა სამართლებრივი საარჩევნო ბარიერი და მოდიფიცირდა საარჩევნო ფორმულა უკეთესი შედეგის მქონე პარტიის სასარგებლოდ. საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით, არჩევნების წელს ახალი ერთმანდატიანი ოლქების შექმნამ დამატებით გამოიწვია ხმების თანაბარწონადობის პრინციპის დარღვევაც. ამ უფლების განხორციელება კი ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობისაა კენჭისყრის თანასწორობის ფუძემდებლური პრინციპის რეალიზებისთვის.
საარჩევნო ადმინისტრაცია
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საარჩევნო კომისიების დაბალანსებულად დაკომპლექტების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და კიდევ უფრო გაძლიერდა „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კომისიების ფაქტობრივი კონტროლი. საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, საპარლამენტო მანდატები და, შესაბამისად, საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლება ხუთმა პარტიამ მოიპოვა, რომელთაგან ამ უფლებით მხოლოდ ორმა – „ქართულმა ოცნებამ“ და პარტიამ „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ისარგებლა. აქედან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამჟამად 10 წევრისგან შედგება, რაც მნიშვნელოვნად არღვევს პარტიების მიერ დანიშნულ და პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრთა შორის დადგენილ იმ ბალანსს, რომელიც თავის დროზე 17-წევრიანი საარჩევნო კომისიის შემადგენლობის შემუშავებისას იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, კვლავ გამოწვევად რჩება საარჩევნო ადმინისტრაციაში პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების, ფაქტობრივად, მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ ყოფნა, რაც არჩევნების მაორგანიზებელი ორგანოს მიმართ ნდობას ამცირებს.
ბოლო საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებშიც ელექტრონული ტექნოლოგიები ფართოდ იქნება გამოყენებული. 2024 წელს კენჭისყრის ფარულობის დარღვევის სისტემური პრობლემის (ბიულეტენზე მარკერის ხილული კვალი) საპასუხოდ, 2025 წელს დამატებითი ტექნიკური ცვლილებები განხორციელდა, თუმცა მათი ეფექტიანობა საეჭვოა. ამასთან, ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოწვევას წარმოადგენს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების მიმართ საზოგადოების ნდობის ნაკლებობა, რის საპასუხოდაც საკმარისი ნაბიჯები არ გადადგმულა.
პოლიტიკური პარტიები
„ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა ოპოზიციის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა, რის შედეგადაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სამი ბარიერგადალახული პარტიის ლიდერები პატიმრობაში იმყოფებიან, ხოლო მეოთხის თავმჯდომარის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. ამასთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ანტიდემოკრატიული რიტორიკა და ამ მიზნით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ქვეყანაში ავტორიტარიზმის გაღრმავების რისკს ქმნის.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში რეგისტრაციის მიზნით ცესკო-ს 17-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა, რომელთაგან ამ დროისთვის 14-ია რეგისტრირებული. ამასთან, მთავარი ოპოზიციური ძალების ნაწილმა, მათ შორის „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებისთვის“, სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური ლიდერების დევნისა და დაპატიმრებების ფონზე არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პოლიტიკური პროცესების შედეგად ქვეყანაში ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და მკვეთრად გაიზარდა უთანასწორობის დონე პარტიების შესაძლებლობებს შორის. საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგა ოთხმა მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების 80% „ქართული ოცნების“ ხელში აღმოჩნდა. უთანასწორობის დონეს აღრმავებს ისიც, რომ მიმდინარე წლის იანვარი-ივლისის პერიოდში შემოწირულებების 84% მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა.
მედიაგარემო
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მედიის თავისუფლება მკვეთრად გაუარესდა. გახშირდა მედიის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობა. ამასთან ერთად, 2024 წლის არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მედიასაშუალებების მუშაობას ზღუდავს.
ქვეყანაში გაუარესებულია მედიაპლურალიზმის კუთხით არსებული მდგომარეობაც. „ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიები ფინანსური და სამართლებრივი წნეხის ქვეშ არიან. მიმდინარე წელს დაიხურა „მთავარი არხი“, რეგიონული მედიასაშუალებების ნაწილი კი ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე დადგა. გაძლიერდა ხელისუფლების გავლენა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. პარალელურად, „ქართული ოცნების“ მედია ეკოსისტემა და ანონიმური გვერდები და ანგარიშები სოციალური მედიის პლატფორმებზე აქტიურად ავრცელებენ ანტიდასავლურ პროპაგანდას და აწარმოებენ დისკრედიტაციის კამპანიებს, რომლებიც ხშირად რუსულ ნარატივებს ეხმიანება.
არჩევნებზე დაკვირვება
არჩევნებზე ობიექტური, უპარტიო საერთაშორისო და ადგილობრივი დაკვირვების შესაძლებლობა მკვეთრად შეიზღუდა. უკანასკნელი ორი ათწლეულის პრაქტიკის დარღვევით, ხელისუფლებამ არ მოიწვია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია. პარალელურად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეზღუდა დამკვირვებელთა უფლებები, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ზეწოლა გააძლიერა. სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ ამოქმედებულმა მასტიგმატიზებელმა კანონებმა და უცხოური გრანტების შეზღუდვამ ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობა მნიშვნელოვნად შეაფერხა. შედეგად, დაკვირვების მექანიზმი, რომელიც არჩევნების გამჭვირვალობის გარანტი უნდა ყოფილიყო, თავად იქცა ხელისუფლების კონტროლისა და ზეწოლის სამიზნედ, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა დემოკრატიული არჩევნების განსახორციელებლად საჭირო პროცედურული გარანტიები“, – ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში.
0
0
აჭარაში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
21/08/2025