-share.jpg)
ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ფიქრობს, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება გაძლიერება, ხელი უნდა შეუწყოს პროცესს და არა ხელი შეუშალოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ბოტკოველი „ნაციონალური მოძრაობის“ ჭიათურისა და ხობის ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ პოსტის დატოვებას გამოეხმაურა.
„ვფიქრობ, უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გამოცხადებულია ღია, გამჭვირვალე არჩევნები. რეგისტრაცია მიმდინარეობს როგორც ელექტრონულად, ისე შეუძლიათ, ადგილზე დარეგისტრირდნენ. გაუგებარია განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ. ნებისმიერი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიმართული დაპირისპირების გამოწვევისკენ და მათი მხრიდან მოხდეს რაიმეს გაღვივება. ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ფიქრობს, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება გაძლიერება, ხელი უნდა შეუწყოს პროცესს და არა ხელი შეუშალოს. ჩემთვის მხოლოდ დასანანი იქნება ნებისმიერი ადამიანის არმონაწილეობა, თუმცა ყველა გადაწყვეტილებას თვითონ იღებს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ამასთან, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან პირადად ჰქონდა კომუნიკაცია და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ პარტიის ახალ მენეჯმენტს მათთან ურთიერთობა არ ჰქონია.
„ეს არის ტყუილი, პირადად მე მქონდა კომუნიკაცია აბსოლუტურად ყველა თავმჯდომარესთან. არჩევნების შემდეგ გვქონდა მათთან საუბარი. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ ვის მისცა ხმა. ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ გეგმად და მიზნად რჩება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, თავისუფლება. ვფიქრობ, სწორედ ამას უნდა მოემსახუროს ჩვენი გაძლიერება ყველა მუნიციპალიტეტში. ეს არჩევნები მოგვცემს საშუალებას, უფრო ქმედითი, აქტიური გახდეს „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ცენტრალური პოზიციებით, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში. ხელისშემშლელი იქნება ნებისმიერი ჩასაფრებული პოზიცია, რასაც ვისმენთ ჩვენი მეგობრებისგან. ეს არც პარტიას და არც მათ საქმიანობას არ წაადგება. დღეს ჩვენი მთავარი სამოქმედო გეგმაა, ვიბრძოლოთ სააკაშვილის თავისუფლების, სიცოცხლის გადარჩენისა და „ქართული ოცნების“ მმართველობის დასრულებისთვის. ამ პროცესში ყველა უნდა ვიყოთ ერთად. არავის არავისთვის არ მიუთითებია, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
0
0