13/12/2023
00:30
სხვადასხვა
როგორ შეიძლება ჩატარდეს არჩევნები ისე, რომ იყოს იდეალურიც, დემოკრატიულიც და რაც მთავარია, კანდიდატი დამსახურებულად და სამართლიანად შეირჩეს? - ამის შესახებ, ალბათ, ძალიან ბევრი მოსაზრება და იდეა არსებობს...
ბევრი იმასაც ფიქრობს ალბათ, რომ არსებობს არჩევნების უნაკლოდ და უხარვეზოდ ჩატარების წესიც...
ეროუს შეუძლებლობის თეორემა გვეუბნება, რომ ყველა საარჩევნო სისტემას, რომელთაც ჩვენ ვიცნობთ, გააჩნია ალოგიკური და უცნაური ხარვეზი - ყველა არჩევნებშია შესაძლებელი ისეთი კანდიდატის გამარჯვება, რომელსაც ხალხისგან ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს და რიგ შემთხვევებში, ისინიც მარცხდებოდნენ, რომლებსაც მეტი მხარდამჭერი ჰყავდათ!
მოდი, განვიხილოთ საარჩევნო სისტემები და მაგალითების საშუალებით დავინახავთ იმას, რომ აბსოლუტურად ყველა სისტემას გააჩნია პრობლემა, რაც არჩევნების ფუნდამენტურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
დავიწყოთ ორ ტურიანი სისტემის განხილვით და შემოვიტანოთ ე.წ. პრეფერენციების ცხრილი, ანუ საზოგადოების ჯგუფებს რომელი კანდიდატი მოსწონთ ყველაზე მეტად, რომელი შედარებით ნაკლებად და რომელი არ მოსწონთ (კანდიდატებს დავარქვათ „ა“, „ბ“, „გ“).
ცხრილი დავალაგოთ შემდეგი პრინციპით: 6000 ადამიანს ყველაზე მეტად მოსწონს „ა“ კანდიდატი; რომ არა „ა“ კანდიდატი, მაშინ ხმას მისცემდა „ბ“ კანდიდატს და რომ არა „ბ“, მაშინ მხარდაჭერას გამოუცხადებდა „გ“-ს.
ამგვარი ლოგიკით შევადგინოთ ცხრილი. აქ რომ გადავათამაშოთ არჩევნები, პირველი ტურიდან მეორე ტურში გადავლენ „ა“ და „ბ“ კანდიდატები, რადგან დააგროვებენ ყველაზე მეტ ხმას ამ ორს შორის და ვერ გადალახავენ 50%-ს (50%-იან ბარიერს თუ გადალახავს რომელიმე კანდიდატი, მაშინ მეორე ტური აღარ ტარდება).
მეორე ტურში კი, „გ“-ს მხარდამჭერები მისცემენ ხმას „ბ“-ს და არჩევნებში გაიმარჯვებს „ბ“ კანდიდატი 11 000 ხმით 6 000 ხმის წინააღმდეგ.
წარმოვიდგინოთ, რომ კანდიდატმა „ბ“-მ შეძლო „ა“-ს მხარდამჭერებიდან (პირველი სვეტიდან), რომელთაც ყველაზე ნაკლებად მოსწონთ „ბ“ კანდიდატი, 2000 კაცის გადმობირება. იდეაში ეს „ბ“-სთვის კარგი უნდა იყოს და არჩევნებს უფრო დამაჯერებლად უნდა იგებდეს, მაგრამ ძალიან უცნაური და ანომალიური ხარვეზიც იმაში მდგომარეობს, რომ თუ 2000 კაცი ხმას მისცემს „ბ“-ს, „ა“-ს მაგივრად, „ბ“ კანდიდატი დამარცხდება:
პირველი ტურიდან მეორე ტურში გადავლენ „ბ“ და „გ“ კანდიდატები (მათ ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავთ 8 000 და 5 000), ხოლო მეორე ტურში უცნაურ შედეგს მივიღებთ:
არცერთი კანდიდატის პოპულარობა არ შეცვლილა - ყველაფერი დარჩა ისე, როგორც იყო პირველი მაგალითის განხილვისას. განსხვავება ის არის, რომ ამჯერად „ბ“ კანდიდატი უფრო „პოპულარულია“ და შეძლო კონკურენტი პარტიის მხარდამჭერების მიზიდვა.
ამის მიუხედავად „ბ“ მეორე ტურში დამარცხდება 8000 ხმა 9000 ხმის წინააღმდეგ.
უცნაური შედეგია არა?
ესე იგი თუ გვინდა, რომ „ბ“ კანდიდატმა მოიგოს, არჩევნებში „ბ“ კანდიდატს ხმა არ უნდა მივცეთ, რადგან ამ შემთხვევაში ის დამარცხდება. ორ ტურიან სისტემას მართლაც რომ უცნაური ანომალია სჭირს, რაც ამ სისტემას უსამართლოს ხდის და არჩევნების მთავარ პრინციპს ეწინააღმდეგება.
მოდით, განვიხილოთ სხვა საარჩევნო სისტემები:
მსგავსი უცნაური შედეგი შეიძლება დადგეს ერთ ტურიან არჩევნებშიც, როდესაც იგებს ის, ვინც მოაგროვებს ყველაზე მეტ ხმას. წარმოვიდგინოთ, რომ არის რვა პარტია. ამ 8 პარტიიდან 7 არის დემოკრატიული, ხოლო ერთი არის კომუნისტური. მოსახლეობის ხმები კი 8 პარტიაზე პროცენტულად შემდეგნაირად არის გადანაწილებული:
იმის მიუხედავად, რომ 80% მოსახლეობისა იდეურად დემოკრატიას უჭერს მხარს, არჩევნებში გაიმარჯვებს კომუნისტური პარტია მოსახლეობის 20%-ის მხარდაჭერით. მგონი არც ეს არის სამართლიანი და ლოგიკური შედეგი, არა?
არსებობს ასევე კოეფიციენტებით არჩევის სისტემა, როდესაც ამომრჩევლები კანდიდატებს უწერენ ქულებს, მაგალითად 3 – 1.5 – 0, და ამგვარად ირჩევენ სასურველ პრეტენდენტს. ანუ, თავიანთი რეიტინგით ალაგებენ და რეიტინგში ქულებს უწერენ. ამან თითქოს სამართლიანობა უნდა აღადგინოს, რადგან ამ შემთხვევაში საზოგადოების აზრი უფრო გათვალისწინებულია, მაგრამ რეალურად ეს ასე სულაც არ არის.
ვერც ეს სისტემა ვერ გვარიდებს უცნაურ და არადემოკრატიულ შედეგს: შეგვიძლია შევქმნათ იმგვარი ცხრილი და ისე გადანაწილდნენ ამომრჩევლები, რომ კოეფიციენტების ყოველმა ცვლილებამ სხვადასხვა გამარჯვებული მოგვცეს.
მაგალითად, როდესაც რიგით მეორე ფავორიტს ვუწერთ 1 ქულას, მაშინ უნდა იგებდეს „ა“; როცა ვუწერთ 1.5 ქულას, უნდა იმარჯვებდეს „ბ“; ხოლო როცა 2 ქულას, იგებდეს - „გ“. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ შეადგენს კოეფიციენტებს. ამგვარი არჩევნები საარჩევნო კომისიის მხრიდან ხდება მანიპულირებადი.
მათ შეეძლებათ იმგვარად დაალაგონ კოეფიციენტები/ქულები, რომ თავიანთი რჩეული გამარჯვებულად გამოავლინონ, ანუ „ჩააწყონ“.
რატომ უნდა დაეწეროს მეორე ადგილზე ჩაწერილ კანდიდატს 1 ქულა და არა 1.5 ქულა? რომელი უფრო სამართლიანია, როდესაც ორივე სხვადასხვა შედეგს იძლევა საბოლოოდ? არც ეს სისტემა მუშაობს უხარვეზოდ.
კიდევ ბევრი საარჩევნო სისტემა არსებობს, რომელსაც მსგავსი ხარვეზები და პრობლემები აქვს, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული და აბსურდული ამერიკული არჩევნებია. ერთი შეხედვით ამერიკა დემოკრატიის ქვეყანა და ბურჯია, მაგრამ რეალურად მათ ყველაზე არადემოკრატიული საარჩევნო სისტემა აქვთ.
ამერიკულ საპრეზიდენტო არჩევნების მოგება შესაძლებელია ხმათა რაოდენობის 23%-ით! თეორიულად შესაძლებელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდეს ადამიანი, რომელსაც მოსახლეობის ამდენად მცირე ნაწილი უჭერს მხარს.
საქმე იმაშია, რომ ამერიკულ სისტემაში არსებობს მანდატები. ყოველ შტატს აქვს მინიჭებული მანდატთა რაოდენობა და თუ კი იმ შტატში, რომელიმე კანდიდატი შეძლებს გამარჯვებას, ყველა მანდატი მას რჩება, იმ შემთხვევაშიც კი თუ შტატის არჩევნებში ხმების რაოდენობა გადანაწილდება ასე - 51% / 49%.
ამგვარად შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ცალკეულ, მნიშვნელოვან, ბევრ მანდატიან შტატებზე კონცენტრირება და მანდატების უმრავლესობის აღება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების 23%-ის მხარდამჭერით.
(ფოტოზე მოცემულია მანდატები შტატების მიხედვით)
შესაძლებელია მოსახლეობაში იმგვარად გადანაწილდეს ადამიანთა პირადი მოსაზრებები (პრეფერენციები), რომ ყოველი საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები სხვადასხვა შედეგს იძლეოდნენ. მაშინ რომელი საარჩევნო სისტემა შეგვიძლია მივიჩნიოთ დემოკრატიულად?
შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არსებობს უხარვეზო, იდეალური საარჩევნო სისტემა.
თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ცუდი და არსებობს უარესი საარჩევო სისტემები.
მთავარი სიტყვა კი მის უდიდებულესობა ამომრჩეველზეა - რომელ სისტემას მიიჩნევს უფრო ნაკლებ ხარვეზიანად ან/და დემოკრატიულად.
***
ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი
გამოყენებული წყაროები:
www.npr.org/2016/11/02/500112248/how-to-win-the-presidency-with-27-percent-of-the-popular-vote
openstax.org/books/contemporary-mathematics/pages/11-2-fairness-in-voting-methods
0
0