27/10/2024
12:04
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიანი სიების დუბლირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.
მისი თქმით, ელექტრონული წესი ყველაფრის გადამოწმების საშუალებას იძლევა.
„ელექტრონული წესი ყველაფრის გადამოწმების საშუალებას იძლევა. ყველას შეუძლია ამოიღოს რეგისტრაციის მონაცემები და ნახავთ მარტივად, რომ ეს ყველაფერი წმინდა წყლის ტყუილია. ტექნიკურადაც კი შეუძლებელია ეს. დააჭირეს თითი, ამოიბეჭდა ოქმი და ოქმი გამოიგზავნა ცესკოში. ეს ოქმი აქვს ყველას. ის, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, ტექნიკურად შეუძლებელია“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, რეგისტრაციის მონაცემებით დასტურდება, რომ თითოეული ამომრჩეველი უნიკალურია, ერთ ჯერზე მეტად ხმა არცერთს მიუცია.
„ერთი შემთხვევაც კი ტყუილია, ამას ტექნიკურად ვერ გააკეთებ. ყველას შეუძლია ნახოს რეგისტრაციის მონაცემები და დასტურდება, რომ თითოეული ამომრჩეველი უნიკალურია, არცერთს მიუცია ხმა ერთ ჯერზე მეტად - ტექნიკურად შეუძლებელია ამ აპარატურით ამის გაკეთება. ეს არის მოგონილი ვერსია, რათა იმედდაკარგულმა პოლიტიკოსებმა თავი იმართლონ საკუთარ ამომრჩეველთან იმ ტყუილებისთვის, რასაც ეუბნებოდნენ“,- განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, მან უპასუხა კითხვას არჩევნებამდე მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების გამორთმევის თაობაზე დასმულ კითხვას. კობახიძე ამბობს, რომ ამის ვერცერთი ფაქტი ვერ წარმოადგინეს.
„რა დონის აბსურდზეა საუბარი, რომ ჩვენი მხარდამჭერები მიდიან ოპოზიციის გამოკვეთილ მხარდამჭერებთან. თან, რამდენთან უნდა მიხვიდე, რომ შედეგზე ასახო - 20 ათასთან, 30 ათასთან. წარმოიდგინეთ ამდენ ადამიანთან მიდიან და მათ ID ბარათებს სთხოვენ. იმდენად აბსურდული იდეაა, ამის სერიოზულად განხილვა არ ღირს“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობას რამდენჯერმე ახერხებდნენ.
0
0