31/05/2023
11:44
მსოფლიო
გაეროს განცხადებით, არც რუსეთი და არც უკრაინა ცალსახად არ იღებენ ვალდებულებას, პატივი სცენ გაეროს ბირთვული დამკვირვებლის მიერ დადგენილ ხუთ პრინციპს, რათა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს (აეს-ს), რომელიც ევროპის მასშტაბით უდიდესს წარმოადგენს, თავიდან ააცილონ კატასტროფული ინციდენტის საფრთხე.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელის რაფაელ გროსის შეფასებით, "არსებული მდგომარეობა უკიდურესად მყიფე და სახიფათოა". მან დასძინა, რომ "რეგიონში სამხედრო მოქმედებები გრძელდება და შესაძლოა უახლოეს მომავალში ძალიან მნიშვნელოვნად გააქტიურდეს”.
რაფაელ გროსიმ გაეროს უშიშროების საბჭოს საკუთარი ინიციატივა წარუდგინა, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამხედრო მოქმედებისგან დაცვის ერთთვიანი მცდელობის ნაწილია. რუსეთმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ოკუპირებული ელექტროსადგურის უსაფრთხოების დაცვისათვის, თუმცა არ აიღო ვალდებულება, დაემორჩილოს რაფაელ გროსის მიერ შემუშავებულ პრინციპებს.
უკრაინის ელჩმა გაეროში, სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ პრინციპები "უნდა დაერთოს ელექტროსადგურის სრული დემილიტარიზაციისა და დეოკუპაციის მოთხოვნას".
რაფაელ გროსის პრინციპები ასეთია: პირველი - ელექტროსადგურზე ან მის გარეთ ტერიტორიაზე თავდასხმები არ უნდა მოხდეს, მეორე - ელექტროსადგურის ტერიტორიაზე არ უნდა განთავსდეს ტანკები, მძიმე შეიარაღება, საბრძოლო მასალები ან პირადი შემადგენლობა, მესამე - არ უნდა დადგეს რისკის ქვეშ აეს-ის მომარაგება ელექტრონერგიით, მეოთხე - ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე არსებული ყველა სათავსო, ყველა სისტემა და კომპონენტი, რომელიც აეს-ის უსაფრთხო მუშაობას უზრუნველყოფს, საიმედოდ უნდა იყოს დაცული; მეხუთე - არანაირი მოქმედება არ უნდა განხორციელდეს ჩამოთვლილი პრინციპების დარღვევის მიზნით.
0
0