16/01/2025
20:29
პოლიტიკა
არცერთ სახალხო დამცველს არ უწარმოებია არჩევნების დაკვირვება, როგორც სადამკვირვებლო მისიას და არ შეუქმნია შემაჯამებელი დოკუმენტი, რომელიც იტყოდა, რომ არჩევნები გაყალბდა თუ არ გაყალბდა, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„ჩვენ გავწიეთ ასეთი ტიპის სამუშაო - არჩევნების წინ კავშირი დავამყარეთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ვინც სავარაუდოდ ჩართული იქნებოდა სადამკვირვებლო პროცესში და პოლიტიკურ პარტიებთან, რადგან მათაც ჰყავდათ დამკვირვებლები. მთლიანობაში მათი ჯამი 20 ათას ადამიანს აღემატებოდა. ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ არჩევნების დღეს, თუ ექნებოდათ ფაქტები, რომელიც ჩვენი შესწავლის საგანი იქნებოდა, მოემართათ ჩვენთვის, რომ ჩვენ შესწავლა დაგვეწყო.
არჩევნების წინა პერიოდში, 100-ზე მეტ შემთხვევაზე გავაკეთეთ რეაგირება, სადაც ადგილი ჰქონდა სავარაუდო დანაშაულის ფაქტს. მაგალითად: ვიღაცის მანქანა დააზიანეს, ვიღაცას ბანერის გაკვრის საშუალება არ ეძლეოდა, ვიღაცას ჩამოუხიეს და ა.შ. ყველა ასეთ შემთხვევაზე გვქონდა რეაგირება და ყველა ასეთ შემთხვევაზე ვატარებდით ბრიფინგებს და მივმართავდით შესაბამის საგამოძიებოს, რომ გამოეძიებინათ.
არჩევნების შემდეგ ვნახე განცხადება, რომ 100 ათას ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა და 350 ათასი ხმა დაახლოებით გააყალბეს. მე არ მჯერა, როდესაც საუბარია 100 ათასი ადამიანისთვის პირადობის მოწმობის ჩამორთმევაზე, რომელიც პოტენციურად არის ოპოზიციური ამომრჩეველი, რომ აქედან არცერთი არ მიმართავს სახალხო დამცველს, ან ამაზე საჯაროდ არ საუბრობს. 10 ადამიანს რომ ჩამოართვა პირადობის მოწმობა, 5 მაინც „ლაივს“ ჩაწერს ამაზე. ასეთ რაღაცას რომ აცხადებ, ამას რაღაც მტკიცებულებები სჭირდება“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.
0
0