19/04/2023
21:52
პოლიტიკა
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის პროგნოზები არასდროს ამართლებს და ოპოზიციას უნდა აცადონ, თვითონ შეიმუშაონ ხელისუფლებასთან ბრძოლის მეთოდები.
ამის შესახებ ვაშაძემ გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული გეგმის საპასუხოდ განაცხადა.
„ბატონი გიას მოსაზრებებს ყოველთვის ვეცნობი, მაგრამ ყოველთვის მცდარ დასკვნებს აკეთებს ხოლმე. არ გაურტყია არც ერთ შემთხვევაში პროგნოზებისას - ასე იყო რუსულ კანონთან დაკავშირებით, ასე იყო საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით... ასე რომ, მე ნამდვილად არ მინდა კონფლიქტში შევიდე ამ ადამიანთან. ოპოზიციას აქვს თავისი გეგმა, ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. პარლამენტარობა და ოპოზიციონერობა არ ნიშნავს, რომ ყოველდღე ფიზიკურ ჩხუბში უნდა იყო ჩართული. როცა საჩხუბარია, ოპოზიცია კონკრეტული პოზიციის ფიზიკურ დაცვაზეც არ ამბობს უარს, მაგრამ ცარიელი კედლების მტვრევას და სპეცნაზებთან მუშაობას არამგონია, რომ ჰქონდეს ის ეფექტი. ერთხელ რაც გაკეთდა, ნუ ჰგონიათ, რომ მეორედ, მესამედ, მეშვიდედ და ყოველთვის გამოვა. გვაცადეთ რა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.
ცნობისთვის, გია ხუხაშვილმა ოპოზიციას ურჩია, ინიციატივა აიღონ ხელში და „გამოაცხადონ, რომ არ დატოვებენ პარლამენტის შენობას, სანამ კენჭისყრა არ შედგება და პარალელურად, პარლამენტის წინ სამოქალაქო საზოგადოებამ მოაწყოს პერმანენტული აქცია იგივე მოთხოვნით“.
შეგახსენებთ, პარლამენტში მეორე დღეა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ვერ ხერხდება.
0
0