22/06/2022
14:20
პოლიტიკა
რეზოლუციაზე ბევრ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს არის ღირსებასმოკლებული დოკუმენტი, ეს არის ცალსახა პოზიცია რაც გვაქვს ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.
„რაც შეეხება კომისიას, კომისიამ ეს რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ჩადო სამივე ქვეყანასთან მიმართებით, აქედან გამომდინარე სახელებზე და გვარებზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ შინაარსის მიხედვით - საქართველოში არიან თუ არა ოლიგარქები ჩართული პოლიტიკაში და რა თქმა უნდა არიან; ეს არის კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე, ჯაფარიძე. ეს არის ოთხი გვარი, რომელიც პირველი გვახსენდება. ისინი არიან ჩართულები პოლიტიკაში, მათ აქვთ გავლენა მედიაზე და მათ აქვთ იმ განსაზღვრულ თანხაზე მეტი, რაც მითითებულია მაგალითად უკრაინულ კანონში, შესაბამისად ჩვენ რომ დავაკოპიროთ უკრაინული კანონი საქართველოში, ეს ადამიანები მოხვდებიან ოლიგარქის ქვეშ, მაგრამ, ბიძინა ივანიშვილი არ მოხვდება მარტივი მიზეზის გამო, ის არ არის ჩართული არც პოლიტიკაში და არც მედიის ცხოვრებაში. რეალობა არის ის, რომ ოლიგარქები არიან იქით, აქეთ არც ერთი ოლიგარქი არაა.
ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება წელიწადნახევრის წინ პოლიტიკიდან გასვლის თაობაზე და ამ პირობას იცავს ბოლომდე. არც ერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე ფორმით ჩაერია პოლიტიკაში ან მედიის ცხოვრებაში, შესაბამისად უკრაინული კანონი რომ დავაკოპიროთ, მარტივი ჭეშმარიტება დადგინდება, ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ის რომ ადამიანს აქვს 85 მილიონ დოლარზე მეტი, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ის არის ოლიგარქი, არის სხვა პირობები, რომელსაც არ აკმაყოფილებს ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება კეზერაშვილს, პოლიტიკა, მედია, ფული -სამივე კრიტერიუმი არის დაკმაყოფილებული, იგივე ეხება ხაზარაძეს, სააკაშვილს“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0