
„არც დროულია და არც აუცილებელი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონსულტანტმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბრისას „ხალხის ძალის“ კანონზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს კანონი სრულიად ზედმეტი პრობლემაა.
„არც დროულია და არც აუცილებელი, სერიოზულად ზედმეტი პრობლემაა. ვერ ვხედავ გულახდილად, რისთვის კეთდება, მაგრამ უკვე თავისი უარყოფითი შედეგი მოიტანა, როდესაც ევროპის, ამერიკის, სხვადასხვა მხრიდან კითხვები ისმება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რეკომენდაციები, რომ მოდით, ამ საქმეს თავი დაანებეთო. გასაგებია, რომ ეს უკვე ნეგატიური რეაქციაა“, - აღნიშნავს ირაკლი მენაღარიშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, გაუზიარა თუ არა მისი მოსაზრება საქართველოს მთავრობას რადგან კონსულტაციას უწევს? საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონსულტანტმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი მენაღარიშვილმა უპასუხა: „ამ საკითხზე საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციები არ მქონია. მოსაზრება არ გამიზიარებია“, განაცხადა მენაღარიშვილმა.
ცნობისთვის, 2 მარტს, დაპირისპირებებისა და შეხლა-შემოხლის მიუხედავად, საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.
0
0