
ირაკლი კობახიძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. თქვენ იცით, რომ სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა ხაზარაძის კონსორციუმს, იმისთვის რომ მოეზიდათ ინვესტორები. მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენჯერმე გადავადებაც მოხდა. ხაზარაძემ ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეძლო ინვესტორების მოზიდვა, ჩააგდო ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი და შემდეგ იქით უჩივლა სახელმწიფოს ამასთან დაკავშირებით. სახელმწიფოსგან ითხოვდა მილიონებს იმ ვითომ მიყენებული ზიანისთვის, რომელიც მან თითქოს მიიღო სახელმწიფოსგან. არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება. დამარცხდა ხაზარაძე იმის გამო, რომ ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ამ პროექტის გამო ჩვენ კონსტიტუციაც კი შევცვალეთ, იმისთვის რომ ხაზარაძეს გაადვილებოდა ინვესტორების მოზიდვა, თუმცა მან ვერცერთი ინვესტორი ვერ მოიზიდა და ეს ყველაფერი დაადგინა სათანადოდ არბიტრაჟმა“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.
0
0