
უკრაინის მმართველი ფრაქციის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარისა და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას თქმით, იგი თანამდებობიდან თავის მოადგილეს გაათავისუფლებს, რომელმაც ომის მიმდინარეობისას კიევში ძვირადღირებული კერძო სახლი შეიძინა.
"თუ სახალხო დეპუტატი ხარ და რამდენიმე მილიონი გრივნა გაქვს ზედმეტი, მაშინ შენს ქვეყანას უნდა დაეხმარო. ეს შენი მოვალეობაა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ეს ქცევა ეთიკურად ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებსა და ხედვას იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს სახალხო დეპუტატმა ომის დროს. ამიტომაც, ჩვენი ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილე, პაველ ხალიმონი თანამდებობიდან გათავისუფლდება". - წერს არახამია.
ასევე, არახამიამ სამართალდამცველ ორგანოებს აღნიშნულის გამოძიებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, თუ საქმე კანონის დარღვევასთან გვაქვს, დამნაშავე პასუხისგებაში უნდა მიეცეს.
ასევე, არახამიამ თქვა, რომ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს პასუხისმგებლობა ელოდებათ და გაზაფხულიდან აქტიურად დაიწყება მათი ციხეში ჩასმა.
როგორც არახამიამ აღნიშნა, საქმე ეხება, როგორც გენერატორების შესყიდვებს, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბოლო დღეებში აგორებულ სკანდალებს.
გენერატორების შესყიდვებთან დაკავშირებით, დაკავებულია უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე, თავდაცვის სამინისტროს კი ჯარისთვის საკვები პროდუქტების საბაზრო ღირებულებაზე ძვირად შეძენა ედება ბრალად.
0
0