
უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს ე.წ. უძლეველობის პუნქტების მოწყობისას დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად ერთკვირიან ვადას აძლევს. ამის შესახებ დავით არახამიამ „ტელეგრამში“ დაწერა.
მისი თქმით, ერთი კვირის შემდეგ კიევში მოწყობილ სპეციალურ პუნქტებში, სადაც მოქალაქეებს გათბობის, ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვისა და სხვა სერვისების მიღება უნდა შეეძლოთ, ინსპექცია ჩატარდება.
„კიევი რჩება ჩვენი მტრისთვის პრიორიტეტად. რუსეთი გააგრძელებს დარტყმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა მოქალაქეთა ცხოვრება გაუსაძლისი გახადოს. ჩვენი მიზანია, კიევში შევქმნათ სტაბილურობის წერტილები, სადაც მოქალაქეები კრიტიკულ დროს მხარდაჭერას მიიღებენ. ან ამას გააკეთებენ ქალაქის ხელისუფლების წევრები, ან ჩვენ ვიპოვით მათ, ვისთვისაც 3 მილიონი კიეველის ბედი სულერთი არ არის. ჩვენ ორივე ვარიანტი გვაწყობს, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლა ამ თემაზე არ იქნება და არც შეიძლება, იყოს“, – განაცხადა არახამიამ.
0
0