08/04/2022
15:30
პოლიტიკა
დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით გამართლებაზე ვართ დამოკიდებული. ჩვენ ახლა უკრაინის კრიტიკით კი არ უნდა ვიყოთ დაკავებული, არამედ მათთან მეგობრობით და მათთან ერთად დასავლეთის კარზე მიკაკუნებით, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ საქართველო ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მიღებას მომავალ კვირაში ელოდება.
ხვიჩიას თქმით, საქართველოს არავის ნაკლები სისხლი არ დაუღვრია რუსეთთან ბრძოლაში და ეს უნდა დაფასდეს.
„შეიძლება, გაგვიმართლოს და უკრაინასთან ერთად ჩვენც შევაბიჯოთ დასავლეთისკენ, მაგრამ შეიძლება, ჩვენი არასწორი პოლიტიკის გამო, ნაკლებად გაგვიმართლოს, უკრაინამ გაასწროს საბჭოთა სივრციდან, ჩვენ კი იქ დავრჩეთ, სადაც ჯერ კიდევ ვართ, ეს იქნება ყველაზე უარესი. სამწუხაროდ, გამართლებაზე ვართ დამოკიდებულები. ჩვენი პოლიტიკა, დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, არასაკმარისად მკაფიოა ბოლო პერიოდში და ეს ის პერიოდია, როცა პოზიციის მკაფიოობა მთავარი ღირებულებაა. შესაბამისად, ეს არ არის თანმიმდევრული ნაბიჯი დასავლეთისკენ, ჩვენ ახლა უკრაინის კრიტიკით კი არ უნდა ვიყოთ დაკავებული, არამედ მათთან მეგობრობით და მათთან ერთად დასავლეთის კარზე მიკაკუნებით. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, მაგრამ წარსულში ბევრი გვაქვს გაკეთებული იმ ბრძოლის საქმეში, რასაც ახლა უკრაინა გადის, ამიტომ იმედი მაქვს, ჩვენც გაგვიმართლებს. დღეს არ გამოვიყურებით სათანადოდ, მაგრამ არავისზე ნაკლები სისხლი არ დაგვიღვრია რუსეთთან ბრძოლაში და მგონია, რომ ეს უნდა დაფასდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0