
არავის მივცემ უფლებას პარაოლიმპიელთა სახელი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა და, მით უმეტეს, ინტრიგებისთვის გამოიყენოს! სახელმწიფოს მხრიდან ოლიმპიური და პარაოლიმპიური მოძრაობების მიმართ თანაბარი მიდგომები რომ დაცულია, ეს კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასტურდება, - ამის შესახებ პარაოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
იგი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს პარაოლიმპიელები არ გახსენებია ოლიმპიელების გაცილების დღეს, როდესაც სიტყვითაც გამოვიდა.
იონათამიშვილი უკიდურესად მიუღებელს და უპასუხისმგებლოს უწოდებს, ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის პარაოლიმპიელების სახელის გამოყენებას.
„არავის მივცემ უფლებას პარაოლიმპიელთა სახელი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა და, მით უმეტეს, ინტრიგებისთვის გამოიყენოს! სახელმწიფოს მხრიდან ოლიმპიური და პარაოლიმპიური მოძრაობების მიმართ თანაბარი მიდგომები რომ დაცულია, ეს კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასტურდება. კერძოდ, თანაბარი სტიპენდიების პროგრამა, ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტების სამართლებრივი სტატუსი, სპორტსმენებისა და პარაათლეტების, ასევე, მწვრთნელებისა და ექიმების დაფასება/წახალისების პროგრამები და, რაც მნიშვნელოვანია - თანაბარი პრემიების დაწესება ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულთა და პრიზიორებისთვის.
ასევე, სალომე ზურაბიშვილს პარალიმპიელები არ გახსენებია ოლიმპიელთა გაცილების დღეს, როცა სიტყვითაც გამოვიდა. თუ დისკრიმინაციად მიაჩნდა ეს და ახლა ხელოვნურ მომიზეზებას არ აქვს ადგილი მისი მხრიდან, მაშინ რატომ დუმდა 23 ივლისს? რატომ არაფერი თქვა? საზოგადოებამ, ასევე, იხილა პარალიმპიელთა გაცილების ღონისძიება 31 ივლისს, რომელიც უმაღლეს დონეზე გაიმართა და პარაოლიმპიური სპორტის პოპულარიზაციისთვის იყო უმნიშვნელოვანესი ღონისძიება.
მისი “ლოგიკით”, დისკრიმინაციაა ისიც, რომ ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონია პარიზში ცალ-ცალკე იმართება. რაც, რა თქმა უნდა, არასერიოზული და სასაცილოა.
და ბოლოს, მით უმეტეს მაშინ, როცა პარაოლიმპიადის გახსნამდე დღეებია დარჩენილი და ჩვენი პარაათლეტები საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პარიზი2024-თვის აქტიურად ემზადებიან, საწვრთნელ შეკრებებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ თურქეთსა და იტალიაში გადიან, მათი ხსენება პოლიტიკური დღის წესრიგისთვის არის უკიდურესად მიუღებელი და უპასუხისმგებლო!“ - წერს რატი იონათამიშვილი.
0
0