
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა საქართველოდან რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ პერიოდში იქ წასული რუსების ნაწილის დაბრუნებასთან დაკავშირებულ ვიტარებაზე. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ წერს.
„ხალხი მიდის, ხალხი ბრუნდება. არის მოსახლეობის ისეთი ნაწილი, რომელიც რაღაც მოვლენის ფონზე ძალიან კრეატიულად იქცევა - მოკლევადიან თუ საშუალოვადიან პერიოდში ადვილად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს. არ მგონია, რომ ეს რაღაც ტენდენცია იყოს და, რა თქმა უნდა, „არ არის საჭირო ამ ადამიანების რაოდენობის გადაჭარბება აქ. არიან ასეთი მოქალაქეები. დიახ, ისინი თავისუფალნი არიან გადაადგილებაში" - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, ეს ადამიანები „რაღაც უკეთესს ედევნებიან, მაგრამ არ ესმით, რომ სამშობლო უკეთესია“.
„ამავდროულად, მათ არავინ უშლის, ბედნიერება სხვაფან ეძებონ, მაგრამ ჯობს, რა თქმა უნდა, ბედნიერება იმ მხარეს ეძებონ, სადაც არ არის ისეთი სახალხო არეულობა (როგორც საქართველოში) და სადაც არ წვავენ მათი სამშობლოს დროშებს“ - განაცხადა პესკოვმა.
მანამდე ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოდან ჩრდილოეთ ოსეთის ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით, რუსეთის ფედერაციაში შესული მანქანების რაოდენობა, დღეში, თითქმის, გაორმაგდა და 1,7 ათასს გადააჭარბა.
0
0