
არავინ არავის წინააღმდეგ კანონს არ იღებს - ნებისმიერ ქვეყანაში საზოგადოებას აქვს იმისი უფლება, მიიღოს ჟურნალისტის მხრიდან შეუფასებელი და ობიექტური ინფორმაცია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მოქმედების თაობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება თვითონ შეაფასებს ინფორმაცია კარგია თუ ცუდია.
„რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს - არავინ არავის წინააღმდეგ კანონს არ იღებს. კანონში რა რეგულაციებიც ჩაიწერება, იმას დაიცავს მედიასაშუალება, ინფორმაციას ობიექტურად მიაწოდებს საზოგადოებას. თავისი ინტერპრეტაცია მედიასაშუალებას შეუძლია ჟურნალისტის მიერ სხვადასხვა გადაცემაში და სტუმრის მოწვევით და ა.შ - ეს შეზღუდული არ არის. რაც შეეხება ინფორმაციის მიწოდებას, ნებისმიერ ქვეყანაში საზოგადოებას აქვს იმისი უფლება, მიიღოს ჟურნალისტის მხრიდან შეუფასებელი და ობიექტური ინფორმაცია. საზოგადოება შემდეგ თვითონ შეაფასებს - კარგია თუ ცუდია. ეს არის ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
კითხვაზე, რა შეიცვლება იმით, თუ კრიტიკული მედიები მათ ლეგიტიმურად მოიხსენიებს, მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ “შეიცვლება ის, რომ გვეყოლება სწორად ინფორმირებული მოქალაქე.”
„ეს არის დემოკრატიის პრინციპი, რა არის გაუგებარი? ასე მუშაობს მთელი ცივილიზებული სამყარო. ღმერთმა დამიფაროს, რად მინდა “ტვ პირველისგან” ლეგიტიმაცია… შეფასებითი რაც არის ეს არ უნდა მოხდეს გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებას უფლება აქვს, სწორად მიიღოს ინფორმაცია. შემდეგ თავად შეაფასებს რა არის სწორი და რა არასწორი”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ქართლმა ოცნებამ“ კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა. „ფორმულას“ ინფორმაციით, მათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი „მაუწყებლობის შესახებ "კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება". კერძოდ, მათივე ცნობებით, საუბარია ტერმინებზე: „არალეგიტიმური პარლამენტი", "ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ..
0
0