
ინტიმური კადრებით ვაჭრობა - ბრალდებულის ადვოკატი "კურიერს" უდასტურებს, რომ საქმის მასალებში დევს მტკიცებულებები, რომელიც არასრულწლოვნის ინტიმურ კადრებს ასახავს. გამოძიებით დგინდება, რომ 15 წლის გოგონას შიშველ ფოტო-ვიდეო მასალას 20 წლის მამაკაცი ინტერნეტ სივრცეში ყიდდა.
"კურიერის" ინფორმაციით, არასრულწლოვნის შიშველი გამოსახულების ამსახველ ჩანაწერებს ბრალდებული 20 ლარად ასაღებდა, თანხა კი "აჭარაბეთის" შესაბამის ანგარიშზე ირიცხებოდა. პირადი საიდუმლოს ხელყოფისა და ინტიმური ჩანაწერებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულს, აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
საქმეზე საგამოძიებო სამსახურმა განცხადებაც გაავრცელა. უწყებაში განმარტავენ, თუ როგორ დაუახლოვდა ზრდასრული მამაკაცი არასრულწლოვან გოგონას, ისარგებლა მისი ნდობით და შიშველი სხეულის ფოტოების და ინტიმური ვიდეოების გაგზავნაზე დაითანხმა.
"კურიერის" ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოს არასრულწლოვნის დედამ მიმართა. გამოძიების ინფორმაციით, გოგონას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სანაცვლოდ, ბრალდებული მოზარდის დედისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა. 20 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ზუგდიდში, ერთ-ერთ ქუჩაზე დააკავეს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურმა სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ამოიღო ბრალდებულის მობილური ტელეფონი, რომელშიც აღმოჩენილია მოზარდის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და ინტიმური შინაარსის ვიდეოების გაყიდვის დამადასტურებელი მიმოწერა.
ბრალდებული ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში, სავარაუდოდ, თვის ბოლოს დაიწყება.
0
0