
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანში 17 წლის არასრულწლოვანმა 44 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა. მომხდარს თვითმხილველები ჰყავს, რომლებიც ფაქტს შეესწრნენ და ამბობენ: "ისე უცებ მოხდა ყველაფერი, ვერც კი წარმოგვედგინა დანით თუ დაჭრიდაო".
არასრულწლოვანმა როგორც კი მამაკაცი დაჭრა, კონფლიქტში სოფლის ბირჟაზე მყოფი ბიჭები მაშინვე ჩაერივნენ და გაშველეს ისინი. დაჭრილი მამაკაცი კი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან უკვე გაწერეს. არასრულწლოვანი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს, მაგრამ როგორც ირკვევა, დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.`
"მამა ბირჟაზე მდგარა მეზობლებთან ერთად და ბიჭმა გაიხმო, არ მოელოდა არავინ რომ დაჭრიდა. სხვები ამბობენ, გვეგონა რამე სალაპარაკო ჰქონდათ და იმიტომ გაიყვანაო. ამ დროს მოხდა კონფლიქტი და უცებ დანით დაჭრა არასრულწლოვანმა გოგოს მამა. მეზობლები შესწრნენ, უბანში ვინც იყვნენ, ეგრევე მივარდნენ და მოაშორეს დაჭრილს ბიჭი. დაჭრილი სასწრაფოდ მიიყვანეს საავადმყოფოში. პოლიციაც მოვიდა და დაიწყო გამოძიება, ბიჭი კი იყო დაკავებული და პოლიციაში, მაგრამ გამოუშვეს ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს", - ამბობს სოფელ ოროზმანში მერის წარმომადგენელი ქამრან ხიდიროვი. მისი თქმით, ბიჭი დედასთან იზრდება, მას მამა წლების წინ გარდაეცვალა და მარტოხელა დედა ზრდის.
"არასრულწლოვანი ბიჭი არის სოფელ ამამლოდან, მაგრამ ზემო ოროზმანში ცხოვრობს დედასთან ერთად, მას მამა წლების წინ გარდაეცვალა, მას შემდეგ დედა დაბრუნდა თავის სახლში და აქ ზრდის მარტო თავის შვილს. ეს ერთადერთი შვილი ყავს, დადის სკოლაში. ვერ ვიტყვი ტყუილს, არ არის მშვიდი ბიჭი. ცოტა ნერვიული ახალგაზრდაა და სხვებთანაც მოსვლია კონფლიქტი. რაც შეეხება დაჭრილს, ძალიან მშვიდი, ჩვეულებრივი მშრომელი ადამიანია. არასდროს არავისთან ჰქონია კონფლიქტი. 5 სოფელია ჩემს თემში და ამ კაცზე ცუდს არავინ გეტყვით. გამოძიება მიმდინარეობს და გაირკვევა ყველაფერი. დაჭრილი საავადმყოფოში მოვინახულე, მითხრა, დანა უცებ დამარტყაო. მთავარია დაზიანება მძიმე არ არის, ღრმა ჭრილობა არ იყო, კისრის არეში ჰქონდა პატარა დაზიანება და გამოწერეს უკვე სახლში. არ ვიცი ის ითხოვს თუ არა დასჯას არასრულწლოვნის. ჯერ ამ საკითხზე მასთან მე პირადად არ მისაუბრია. სოფელში ითქვა არ ჩივისო, მერე სხვებმა თქვეს, უთქვამს უნდა დაისაჯოსო. არ ვიცი რა იქნება, გამოძიება რას გადაწყვეტს. ახლა ორივე თავის სახლშია. როგორც ამბობენ, გოგოს არ უყვარს ეს ბიჭი. დედამ უთხრა ეტყობა თავის შვილს, რაც უთხრა გოგოს მამამ, ის გაბრაზდა და მიუვარდა უბანში", _ ამბობს მერის წარმომადგენელი.
წყარო: “კვირის პალიტრა”
0
0