
აბსოლუტურად არასერიოზულია, რასაც კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებები აკეთებენ, თუმცა ჩვენ უნდა დავრჩეთ კვლავაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში გამომდინარე იმ განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან, რომელიც ჩვენ ქართველებს გვაქვს ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს ხელისუფლებები განიცდიან პირდაპირ გავლენას გლობალური ომის პარტიისგან.
„ჩვენ აქ მართლა გვიწევს ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ხალხი და ხელისუფლება. ეს ხელისუფლებები არის ხალხის მიერ არჩეული, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ის, რომ ეს ხელისუფლებები განიცდიან პირდაპირ გავლენას გლობალური ომის პარტიისგან, ისინი არ არიან სუვერენული და ამ მდგომარეობაშია დღეს ეს ქვეყნები. თავისთავად მათი ნაბიჯები არის არასერიოზული, თუმცა ჩვენ უნდა დავრჩეთ კვლავაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში გამომდინარე იმ განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან, რომელიც ჩვენ ქართველებს გვაქვს ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთთან.
მისი თქმით, ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი და ასე ხდება, „როდესაც ქვეყანა ექცევა გლობალური ომის პარტიის არსებითი გავლენის ქვეშ“.
„ესეც არის აშკარა ორმაგი სტანდარტი. ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ევროპარლამენტარები ამ სამი ქვეყნიდან ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან სანქციებზე მიერთებას. ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით, კონკრეტულად ღვინით, რუსეთის ფედერაციასთან. ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი, უპრინციპობა. ასე ხდება, როდესაც ქვეყანა ექცევა გლობალური ომის პარტიის არსებითი გავლენის ქვეშ", - განაცხადა კობახიძემ.
0
0