11/03/2023
22:51
პოლიტიკა
“როდესაც შინაარსში შევდივართ და ამის საპირწონედ არის ლოზუნგი, შემდეგ რთულია ამ ლოზუნგებთან ბრძოლა”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ სადავო კანონპროექტის საზოგადოებამდე მიტანა, საზოგადოების ინფორმირება და სად იქნა დაშვებული შეცდომა პროცესში.
„ვინაიდან გამოხმაურებაც იყო ფართო, აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, რთული იყო ამის გარდატეხა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი იყო ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი, მსგავსი კანონი ინიცირებულია კანადაში და სულ ახლახან, თებერვალში ასეთივე კანონი მიიღეს დიდ ბრიტანეთში.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოქალაქეებს უფლება აქვთ, იცოდნენ, ვინ არიან, რას წარმოადგენენ და რა ფინანსური ინტერესებია იმ აქტორების უკან, რომლებიც პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმირება-მიღებაში არიან ჩართული.
„ამას ქვეყნები სხვადასხვა ინსტრუმენტებით წყვეტენ. არის ან ამ ტიპის კანონები, რაც საქართველოში იყო ინიცირებული, რომელიც აშშ-ში არსებობს, კანადამ ახლა დააინიცირა, დიდ ბრიტანეთში არსებობს და არის ლობისტური საქმიანობის რეგულირების მხრივ კანონები. მათ შორის, ევროპარლამენტში ზუსტად ამერიკული ანალოგის ინიცირება სურთ; მაგალითად, გერმანიაში შექმნილია ლობისტების რეესტრი და გერმანული „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რეგისტრირებულია ამ რეესტრში, როგორც ლობისტი. როცა საუბარია სტიგმებზე და იარლიყებზე, არ მგონია, ლობისტი მაინცდამაინც კარგი იარლიყი იყოს არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, თუ საქმე საქმეზე მიდგება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს ასეთი კანონი არ სჭირდება და უპირველეს ყოვლისა, ის არის იარაღი მოქალაქის ხელში.
„ეს კანონი უსაფრთხოების მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რათა პოლიტიკური სისტემა იყოს მედეგი, თუმცა უსაფრთხოების სისტემებს აქვს თავისი ინსტრუმენტები, რომ ეს უზრუნველყოს.
ეს კანონი, უპირველეს ყოვლისა, არის იარაღი მოქალაქის ხელში. ანუ, მიზანი არის, რომ მოქალაქე იყოს ინფორმირებული და ეს სწორედ მოქალაქეებისთვის კეთდებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, პროპაგანდის ძალა რაში მდგომარეობს, რომ მოქალაქეები, მათი ნაწილი ააჯანყეს ამ კანონის წინააღმდეგ, რაც მათთვის არის მნიშვნელოვანი. დააჯერეს და უარი ათქმევინეს ამ იარაღზე.
უთხრეს – არა, არა, თქვენ რად გინდათ, რომ იცოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები, რაში გჭირდებათ, უბრალოდ ენდეთ, რომ ეს კარგი ხალხია, თეთრი, ფუმფულა და ამიტომ, არ არის საჭირო ზედმეტი ინფორმაციის მოპოვებაო. პროპაგანდა სამწუხაროდ, აი, ამ დონემდეც კი მივიდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორს ნამდვილად აქვს გამჭვირვალობის პრობლემა.
„მათ ერთი მხრივ, უნდათ, იყვნენ პოლიტიკის მონაწილენი და მეორე მხრივ, არ უნდათ, იყვნენ ანგარიშვალდებული მოქალაქეების წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0