
ადამიანები როცა ისეთ ნივთებს ყიდულობენ, რომლებიც პოლიციასთან აუცილებლად შეჯახების ორგანიზებისთვის უნდა დასჭირდეთ, ეს მიუთითებს, რომ ჩართული არიან შეჯახების ორგანიზების პროცესში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად და ფინანსურად ახალისებდნენ დესტაბილიზაციის ორგანიზების პროცესს, რისი ფაქტებიც იყო.
„ამ ყველაფერს არათუ ორგანიზებას უკეთებდნენ, არამედ თავის დამოკიდებულებას ღიად გამოხატავდნენ და საკუთარი წესდებით განსაზღვრული ნორმებიდან გასული იყვნენ. ეს ის ფაქტია, რაზეც თავად ლაპარაკობდნენ და განცხადებებს აკეთებდნენ. რადიკალურ აქციებს აორგანიზებდნენ. ამ ყველაფრის უკან დგას გარკვეული გეგმა და სქემა, რასაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია. ეს პროცესი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არ გაჩერებულა და ამაში ლომის წვლილი მიუძღვით არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათი მცდელობა იყო, ძალადობრივი გზით ხელისუფლება შეცვლილიყო და ის გეგმა განხორციელებულიყო, რაც ითვალისწინებდა საქართველოს ცეცხლის პროცესში ჩართვას. ახლა დადასტურდა, რომ ამ პროცესებს დიდი ფინანსებით უჭერდნენ მხარს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.
საუბარია გამოძიებაზე, რომელიც ეხება საბოტაჟს, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.
კერძოდ, დაყადაღებულია შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „დემოკრატიის მცველები“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საფარი“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
პროკურატურის განმარტებით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებით შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა.
0
0
გურიაში, მეოთხე დღეა დაკარგულ კაცს ეძებენ
28/08/2025