19/04/2023
18:26
სამართალი
“ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში - არავითარ შეცდომას ადგილი არ აქვს, ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ინდივიდისთვის სანქციის დაწესებას”, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი კვლავ არ შედგა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარა.
კელი დეგნანის შეფასებით, ზოგადად საკანონმდებლო ორგანო მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად არის შექმნილი, ამიტომ არასდროს არ არის სასარგებლო, როდესაც რომელიმე პოლიტიკური პარტია საპარლამენტო სესიას ბოიკოტს უცხადებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის წაახალისებს ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, მივიდნენ პარლამენტში და უზრუნველყონ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში. სწორედ ამისთვის არის შექმნილი ეს ინსტიტუცია. ასე რომ, სასარგებლო არასდროს არ არის, როდესაც პარტიები ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო სესიებს. ამ შემთხვევაში, როგორც არაერთხელ ვთქვით, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში. მინდა ძალიან ცხადად ვთქვა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრმა გააკეთა განცხადება, თითქოს ჩვენ არ ვართ კარგად ინფორმირებულები - არავითარ შეცდომას ადგილი არ აქვს. ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ინდივიდისთვის სანქციის დაწესებას, რაც გულისხმობს მათ ჩართულობას კორუფციულ აქტივობაში. ჩვენ ჩავატარეთ ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა, შევაგროვეთ ინფორმაცია, რომლის უმრავლესობა არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, იქამდე, სანამ ამას ჩავუშვებდით სისტემაში, რომელიც მიდის სახელმწიფო მდივნამდე. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა დაამტკიცა ეს შეზღუდვები, რადგან ჩვენ აბსოლუტურად ვიყავით დარწმუნებულები ამის საფუძვლებში. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თავად გამოიძიოს ეს ბრალდებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმავე საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით და სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ჩაატაროს საკუთარი გამოძიება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომია და წლების განმავლობაში ცნობილია", - განაცხადა კელი დეგნანმა.
0
0