
არანაირი ფსიქიკური დიაგნოზი არ მაქვს, მაგრამ საბჭოთა კოშმარი გაუცოცხლეთ ხალხს და სტიგმა გააძლიერეთ, - ამის შესახებ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა აქტივისტმა ნინო დათაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან დეტალურად ისაუბრა მის საქმეზე.
„განჩინება რომ მომიტანეს, ფსიქიატრიული ექსპერტიზის იძულებით ჩატარების შესახებ, ჩემთვის სამარცხვინო ფურცელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. სასამართლოში მონაწილეობის უფლებაც არ მომცეს, ეს არის რეპრესია ჩვენს მიმართ, ადვოკატებზე აწარმოეს კამპანია. პროკურატურას ეკითხა ჩემთვის, იქნებ მინდოდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. პენიტენციურ დაწესებულებაში ორჯერ ვბანაობ, იქ თურმე ყოველდღეა და იქნებ მინდოდა.
პროკურატურაში გავგზავნეთ წერილი. ნეიროქირურგები ფსიქიკურ დიაგნოზს არ წერენ. არანაირი ფსიქიკური დიაგნოზი არ მაქვს, მაგრამ საბჭოთა კოშმარი გაუცოცხლეთ ხალხს და სტიგმა გააძლიერეთ. როგორც სამოქალაქო განათლების პედაგოგი ვამბობ - ბევრს არ მიუწვდება ფსიქიკურ მკურნალობაზე ხელი, მათ ეუბნებიან, ადგილი არ გვაქვსო...
ბევრი მოზარდი, ბავშვი გადამიმისამართებია ფსიქიატრთან. ფსიქიატრთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. მადლობა მეგობრებს, რომლებმაც ამაზე მედიით ისაუბრეს.
გარდა ამისა, ჩემმა ადვოკატებმა ჩემი სამედიცინო დოკუმენტაცია ისე წარმოადგინეს, რომ ამის ფრიალი არ გვინდოდა, თუმცა პროკურატურამ გახადა ჩემი განსაკუთრებული პერსონალური ინფორმაცია საჯარო და განხილვის საგანი. მე არანაირ შეღავათს არ ვითხოვ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. პირველ სხდომაზეც გირაო იმიტომ მოვითხოვეთ, რომ ჩემი აბიტურიენტი შვილის გვერდით ვყოფილიყავი. ეს ზეწოლა რაც იძულებითი ექსპერტიზის დანიშვნით გააკეთეს, ალბათ, დასაშინებლად იყო, ალბათ, იფიქრეს, რომ გავჩუმდებოდი და ეს გახდებოდა პრეცედენტი სხვებისთვისაც, რომ ასე გაეკეთებინათ. მხოლოდ ამიტომ ამოვიღეთ ხმა. თუ ქვეყანაში სამართალი და კანონი არ გვაქვს, არსებობს ევროპული სასამართლო, დაველოდებით სამართალს.
განცხადებით მივმართე გენერალურ პროკურატურას. თუ ფსიქიკური ლაბილობა დაინახეს, ოპერაცია რომ მესაჭიროება, ეს რატომ ვერ დაინახეს? MRI-ს კვლევას ვითხოვ ციხეში შესვლის დღიდან, რადგან გაუსაძლისი ტკივილები მაქვს. უამრავი წერილი მაქვს გენერალურ ინსპექციაში, გენერალურ პროკურატურაში გაგზავნილი - ვითხოვ, გამომკითხონ“, - განაცხადა დათაშვილმა.
0
0