12/08/2023
13:35
მსოფლიო
უკრაინა ისრაელთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებას გეგმავს და რამშტაინის ფორმატიდან ამ ქვეყნის გარიცხვას მოითხოვს, რადგანაც ამ შეხვედრებზე გაჟღერებული საკითხები „შეიძლება აგრესორი ქვეყნის განკარგულებაში აღმოჩნდეს“. ამის შესახებ kyivpost.com იუწყება.
საუბარია ისრაელის „არამეგობრულ ქმედებებზე უკრაინის მიმართ და საერთაშორისო არენაზე პრორუსულ პოზიციაზე“. „რამშტაინის შეხვედრაზე მიღებულ ინფორმაციას ისრაელი საკუთარ ინტერესებში იყენებს“, - განუცხადა Kyiv Post-ს წყარომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოში.
„რამშტაინის“ შეხვედრებში, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, 54 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორის არიან ნატოს 30-ვე ქვეყანა და კიდევ 24 სახელმწიფო. შეხვედრა თვეში ერთხელ ტარდება და მასზე ქვეყნები უკრაინისთვის აუცილებელი სამხედრო დახმარების საკითხების კოორდინაციას ეწევიან.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ისრაელთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ომის ფონზე მოხდა, რაც იქ ჩასული მოქალაქეების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან დამოკიდებულების გამო დაიწყო.
ასე მაგალითად, ისრაელში უკრაინის ელჩის, ევგენი კორნიიჩუკის ინფორმაციით, ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე ისრაელიდან უკრაინელი ტურისტების 10 პროცენტის დეპორტაცია ხდება. ცოტა ხნის წინ კი ისრაელში უკრაინელი ლტოლვილებისთვის სამედიცინო დაზღვევის შემწეობის გადახდა შეწყდა.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს ინფორმაციით, ისრაელი ათიათასობით ებრაელი პილიგრიმისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ცდილობს, რომლებიც ყოველი წლის სექტემბერში უკრაინის ქალაქ უმანში ჩადიან, სადაც ბრაცლაველი რაბინის, ნაჰმანის საფლავი მდებარეობს.
„მუდმივი სარაკეტო იერიშების პირობებში ისრაელელი მომლოცველების უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა შეუძლებელია“, - იუწყება Kyiv Post-ის წყარო.
ამავე წყაროს ცნობით, ამჟამად უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრთა კაბინეტს ისრაელთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების წინადადებებს წარუდგენს და ის მოკლე დროში იქნება განხილული. ოფიციალური წყაროები ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
0
0