
ვცდილობ, შეურაცხყოფა არავის მივაყენო და ჭკუა არ ვასწავლო, მაგრამ ვამბობ ჩემს გულისტკივილს, რომ არაფრით არ მესმის, იყო ქართველი, საქართველოს მოქალაქე, ოპოზიციონერი და გიხაროდეს შენი ქვეყნის წარუმატებლობა, ერთი სული გქონდეს, დაგდონ ბრალი მძიმე რაღაცაში, რომ შენ სანქცირებულ პროდუქტს ატარებ და შავი ხვრელი ხარ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, ყველას თავისი მორალი და კონსტიტუცია აქვს, მისთვის კი ეს აღმაშფოთებელია.
ამავდროულად, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ჯიმ ო’ბრაიენის, კუმარ აიერისა და დევიდ ო’სალივანის ვიზიტთან დაკავშირებით ასევე არ მოეწონა „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული განცხადებები.
„არ მომწონდა და არ მომწონს ოპოზიციის ერთი ნაწილის აღტაცებული კომენტარები და პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა სანქციების ჯგუფი ჩამოვა და ნახეთ, როგორ სანქციებს დაუწესებენ საქართველოს. არ მესმის ეს და მომკალი. მეც ოპოზიციაში ვარ, მაგრამ რატომ უნდა მიხაროდეს, თუ ჩემს ქვეყანას სანქციებს დაუწესებენ, არ ვიცი. მე პირადად გული მისკდებოდა, სანქციების ჯგუფი რას იტყოდა იმასთან დაკავშირებით, ვარღვევთ თუ არა სანქციებს და ჩვენგან გადის თუ არა რამე არალეგალური, ისეთი, რომელიც სანქცირებულთა სიაშია მოქცეული. თუ ჩვენი ხელისუფლება ამ ყველაფერს არღვევს და საქართველოსთვის სანქციები დაწესდება, სანქციები „ქართული ოცნებისთვის“ ხომ არ იქნება, ქვეყნისთვის იქნება. მაგალითად, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ორჯერ რომ თქვა, საქართველოდან სანქცირებული პროდუქცია შედისო, მართლა გული მისკდებოდა, მტკიცებულებებს დადებდნენ თუ არა. ამ შემთხვევაში უკრაინული სამხედრო დაზვერვა ძალიან უპასუხისმგებლოდ მოიქცა. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ უკრაინული სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფში ვმსახურობდი, იქ რომ ვიყავი. როცა იძახი, რომ საქართველო არღვევს სანქციებს და ამ დროს მტკიცებულებას ვერ დებ, ეს უპასუხისმგებლობაა. როგორც არ მომწონდა ოპოზიციის ერთი ნაწილის აღტაცება, რომ ახლა დაგვასანქცირებენ და ნახეთ, შავი ხვრელია საქართველო, ამას ბედნიერები ლაპარაკობდნენ, იმდენად არ მომწონს „ქართული ოცნების“, რომ, არიქა, ჩამოვიდნენ, რომ მადლობები გვითხრან.
ეს საქმიანი ვიზიტი იყო. ერთი მხრივ, გადაამოწმეს და, მეორე მხრივ, საქმის კურში ჩაგვაყენეს, რა ახალი პროდუქტი იქნება სანქცირებული. რა თქმა უნდა, უცხოელები თვალს ხუჭავენ, რომ ჩვენ გარკვეულ პროდუქტებზე არ გვაქვს სანქცია. თვალს ხუჭავენ, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ, თვალს ხუჭავენ, რომ შეიძლება, რუსეთი მართლა გაღიზიანდეს, მაგრამ, დიდი ალბათობით, ჩვენგან არ შედის სანქცირებული პროდუქცია, თორემ ეს ხალხი გამოვიდოდა და იტყოდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
0
0