12/09/2024
14:48
სპორტი
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ სექტემბრის მატჩები შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ოქტომბერში დარჩენილ ფინალის ტოლფას ორ შეხვედრაში გუნდი წარმატებას მიაღწევს და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ითამაშებს.
„ნიდერლანდებთან რთული თამაში გამოდგა, მარცხი ყოველთვის საწყენია. თუმცა, ოქტომბერში, შვედეთში ფინალის ტოლფასი მატჩი გველოდება. მენტალურ მხარეს თუ გავითვალისწინებთ და პირველ 15 წუთს არ ჩავთვლით, დანარჩენ მონაკვეთებში გუნდი სათამაშო ეპიზოდებზე ადეკვატურად რეაგირებდა.
ვენლოში ბევრი ახალი მოთამაშე გვყავდა, რომლებმაც ახალგაზრდულ ნაკრებში და საერთოდ ასეთი დონის გუნდთან პირველად ითამაშეს. ეს მათთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო, რაც შვედეთში აუცილებლად დაგვეხმარება. არავისთვის არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, აქამდე მოვედით შრომით, გუნდურობით, ერთსულოვნებით და დარწმუნებული ვარ, შვედეთში წარმატებას მივაღწევთ.
ძალიან საწყენი იყო, რომ თამაშის წინ საბა საზონოვი გამოგვაკლდა, მთელი 8 დღის ნამუშევარი გეგმა, ფაქტობრივად, აგვერია. ასევე გვქონდა სხვა დანაკლისიც, მთელი დაცვის ხაზი შეიცვალა, თუ არ ჩავთვლით გუნდის კაპიტანს, საბა ხვადაგიანს.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს. მათი მხარდაჭერა 90 წუთის მანძილზე იგრძნობოდა, რაც ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს რამაზ სვანაძე.
საქართველოს 21-წლამდელთა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში ბათუმში მოლდოვა 3:0 დაამარცხა, ხოლო ვენლოში, ჯგუფის ლიდერ ნიდერლანდებთან 1:3 დამარცხდა და ექვსი ტურის შემდეგ, 16 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა.
რამაზ სვანაძის გუნდს ევრო 2025-ს შესარჩევ ჯგუფში ორი მატჩი აქვს გასამართი – 10 ოქტომბერს იენჩეპინგის „სტადსპარკსვალენზე“ შვედეთს ესტუმრება, ხოლო 15 ოქტომბერს ქუთაისის „შენგელია არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.
0
0