
არაფრად მიგვაჩნია ეს არაფრისმთქმელი, უკანონო ბრალი და სასჯელი, ზუსტად ვიცით, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებაც, პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაც გარდაუვალია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, მოსამართლემ შეკრებითობის პრინციპი აღადგინა.
„გახსოვთ პრეზიდენტი სააკაშვილი როგორ ამბობდა ხოლმე, რომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის, ოკუპანტის სახელით, ივანიშვილის რუსული რეჟიმი მას უსჯიდა სამუდამო პატიმრობას. პრაქტიკულად, ეს მოვისმინეთ დღეს ე.წ. სასამართლოს დარბაზში, რომელიც იქცა უსამართლობის, უკანონობის ბუდედ პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ, როგორც მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ბიძინა ივანიშვილის, ასევე ათეულობით სხვა პოლიტპატიმრის მიმართ, რომელთა სასამართლოები სიმბოლურია, მაგრამ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, როცა ისჯება ამ ქვეყნის მთავარი მედასავლეთე, პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე პოლიტიკოსი და ქართული თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი პრეზიდენტი სააკაშვილის სახით. არაფრად მიგვაჩნია ეს არაფრისმთქმელი, უკანონო ბრალი და სასჯელი, რომელსაც აცხადებენ მონურ მორჩილებაში მყოფი, რუსების დავალებების შემსრულებელი მოსამართლეებად წოდებული ივანიშვილის მსახურები და ზუსტად ვიცით, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებაც, პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაც გარდაუვალია. ამას ამბობს საქართველოს ისტორია და იტყვის საქართველოს მომავალიც“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. სააკაშვილს სასჯელის ზომად ოთხი წელი და ექვსი თვე განესაზღვრა, თუმცა, მოსამართლემ განაჩენთა ერთობლიობით სააკაშვილს სასჯელის ვადად 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
0
0