
არაძალადობრივი რევოლუცია, ფილიპინებიდან პოლონეთამდე, ყოველთვის დაფუძნებული იყო საზოგადოების კონსოლიდაციაზე, სწორედ ერთიანობის შედეგად ემხობა ავტორიტარული რეჟიმი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა, იმ ფრაგმენტაციის აღმოფხვრა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში თესავს.
„არაძალადობრივი რევოლუცია ფილიპინებიდან პოლონეთამდე ყოველთვის დაფუძნებული იყო საზოგადოების კონსოლიდაციაზე. ამიტომ არაძალადობრივი რევოლუცია, გნებავთ მშვიდობიანი დამხობა არის ის, რისთვისაც აუცილებელია საზოგადოების ერთიანობა, კონსოლიდაცია. სწორედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსოლიდაციის და ერთიანობის შედეგად ემხობა ავტორიტარული რეჟიმი. როგორც მოგახსენეთ, ეს ასეა ისტორიულად, გეოგრაფიულად, ფილიპინებით დაწყებული პოლონეთით დამთავრებული, წინა საუკუნით დაწყებული ახლანდელი საუკუნით დამთავრებული.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, როგორც ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, როგორც პარტიის, რომელმაც, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, 2003 წელს მშვიდობიანი რევოლუციის გზით ერთხელ უკვე დაამხო ავტორიტარული რეჟიმი და ქვეყანაში მოიტანა ყველაზე დიდი საკეთილდღეო ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ამოცანაა საზოგადოების გაერთიანება და იმ ფრაგმენტაციის აღმოფხვრა, რომლითაც ხეირობს ივანიშვილი და რომელსაც ის მუდმივად თესავს საზოგადოებაში, ისევე,როგორც პოლიტიკურ სპექტრში“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
0
0