14/04/2023
14:15
პოლიტიკა
არ მგონია, მოსამართლეთა სანქცირება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდას და ხარისხის გაუმჯობესებას ეხმარებოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის მხრიდან ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არადამაჯერებელია საუბარი, რომ ვინმე ვინმეზე ზეწოლას ახორციელებს, რათა მოსამართლეებმა აშშ-ში ვიზიტისგან თავი შეიკავონ.
„ნამდვილად არ არის ცხადი და გასაგები, რომელ კონკრეტულ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართველ მოსამართლეებთან მიმართებით გადაწყვეტილება. არ მგონია, მოსამართლეთა სანქცირება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდას და ხარისხის გაუმჯობესებას ეხმარებოდეს. საქართველოს კონსტიტუციით, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მთავარი პრინციპი რაც მას აქვს, არის ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა არჩევას მოსამართლეთა კონფერენცია ახორციელებს, რომელიც მოსამართლეთა თვითმმართველობის სტრუქტურაა. მოსამართლეები ირჩევენ ადამიანებს, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განწესდებიან. აქედან გამომდინარე, ალბათ ხვდებით, თავად სასამართლოს კორპუსის შიგნით როგორი შეიძლება იყოს ცალკეულ პირთა მხარდაჭერა, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არიან.
არ არის გასაკვირი, თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რომელიმე კონკრეტულ წევრს თავად მოსამართლეთა კორპუსში მხარდამჭერები და სოლიდარობის გამოხატვის მსურველები აღმოაჩნდება. აბსოლუტურად არადამაჯებელია საუბარი, რომ ვინმე ვინმეზე ზეწოლას ახორციელებს, რათა აშშ-ში ვიზიტისგან თავი შეიკავონ. ჩვენი ოპონენტებიდან ვინმე შეგიმჩნევიათ, ვინც სასამართლოს რეფორმის ოთხ ტალღას დადებით კონტექსტში მოიხსენიებს? – ასეთი ძალიან იშვიათად შემხვედრია, თუმცა ერთ-ერთმა, ვინც კონკურსში მონაწილეობდა, თქვა, რომ გვაქვს შესანიშნავი საკანონმდებლო ჩარჩო, მაგრამ ამას ვერც ერთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტს ვერ წამოაცდევინებ. ხელისუფლებამ ოთხი უმნიშვნელოვანესი და უსერიოზულესი რეფორმის ტალღა განახორციელა, რათა მართლმსაჯულება გაცილებით ხარისხიანი ყოფილიყო და გვაქვს კიდეც. 2012 წლამდე სასამართლო ხელისუფლება თუ არ გვქონდა, რადგან ის გადაზელილი იყო აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ეს ვითარება ოთხი ტალღის შედეგად თვისობრივად შეცვლილია. დღეს ჩვენ გვაქვს სასამართლო ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებელია. მას შესაძლოა, შიგნით გარკვეული ნაკლოვანება აქვს, მაგრამ ის დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისგან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
0
0