
ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოების უკმაყოფილება და მწვავე რეაქცია გამოიწვია. მას შემდეგ, რაც დაანონსდა, რომ შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში გაიმართებოდა, სახელმწიფომ და კერძო კომპანიებმა დაიწყეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რათა 2022 წლისათვის მზად ყოფილიყვნენ. საერთო ჯამში, ყატარმა მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პერიოდში ააშენა 7 საფეხბურთო სტადიონი, 100-ზე მეტი სასტუმრო, ახალი აეროპორტი, ახალი მეტროს სისტემა და მრავალი სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობა, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დამსწრეებს კომფორტს შეუქმნის.

დახარჯული სახსრებისა და ფინანსების მიუხედავად, ყატარში მუშათა უფლებები სერიოზულად შეილახა და რამდენიმე წელში 6500-ზე მეტი მუშა გარდაიცვალა, 40 000-მდე კი დაშავდა. ჯამში, მხოლოდ სტადიონების ასაშენებლად, ყატარმა 30 000-ზე მეტი მუშა დაიქირავა, ძირითადად ინდოეთიდან, ბანგლადეშიდან და პაკისტანიდან. მსხვერპლთან ერთად დაირღვა მუშათა სხვა უფლებებიც. მუშათა დიდ ნაწილს, ხელფასი უკანონოდ დააკლეს, დაუგვიანეს, პასპორტები ჩამოართვეს და ყველა გზა მოუჭრეს, რითაც, ფაქტობრივად, იძულებით შრომის ბანაკები შექმნეს. არაადამიანური პირობები და დაგვიანებული ხელფასები მუშების გარკვეულმა ნაწილმა გააპროტესტა, მაგრამ პასუხად ქვეყნიდან უხელფასო დეპორტი მიიღო.

(მუშათა საერთო საცხოვრებელი ყატარში)
ყატარი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ 6500 მუშიდან, ბევრი ბუნებრივი მიზეზებით დაიღუპა და არანაირი კავშირი არ ჰქონია მათ გარდაცვალებას შრომის მძიმე პირობებთან. ყატარის საინფორმაციო წყაროების მიხედვით, სამშენებლო ობიექტებზე მხოლოდ და მხოლოდ 50 მუშა გარდაიცვალა.
ამ ყველაფრის ფონზე, ბევრმა ქვეყანამ დაგმო და ბოიკოტი გამოუცხადა 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს. ყველაზე მკაფიოდ ეს, საფრანგეთის ქალაქებმა გამოხატეს - ლილე, მარსელი, ბორდო, სტრასბურტი, პარიზი, რაიმსი - ეს იმ ქალაქებია, რომლებიც ყატარში მიმდინარე მოვლენებს ეწინააღმდეგებიან და პროტესტს ღიად გამოთქვამენ. ბოიკოტის გამოხატულებაა მუნდიალის ფან-ზონების (კეთილმოწყობილი ადგილები ფანებისათვის, დიდი ეკრანები ქუჩებში და ა.შ.) აკრძალვა.
მარსელის მოსახლეობა ქუჩაში დიდი ეკრანის განთავსებას აპირებდა იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთი ფინალში გასვლას შეძლებდა მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ქალაქის მერმა ამაზე უარი განაცხადა და არსებულ სიტუაციას „ადამიანური და ეკოლოგიური კატასტროფა“ უწოდა.
საფრანგეთის მთავრობის სპიკერმაც განაცხადა ამის შესახებ და თქვა, რომ თუკი გადაწყვეტილება მუნდიალის ჩატარებასთან დაკავშირებით დღეს იქნებოდა მისაღები, ყატარს მუნდიალის ჩატარების უფლებას არ მისცემდნენ.
https://www.bbc.com/news/world-60867042
https://www.bbc.com/news/world-europe-63132995
ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი
0
0