24/04/2024
09:08
საზოგადოება
'არა რუსულ კანონს!" - სტუდენტებმა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო მორიგი აქცია 24 აპრილს,19:00 საათზე ჩანიშნეს.
თავდაპირველად ისინი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი სავარაუდოდ მსვლელობით სხვადასხვა ლოკაციაზე გადაინაცვლებენ. თუმცა, იმის გამო, რომ აქციის მონაწილეები ამ გადაწყვტილებებს სპონტანურად იღებენ, მათი მარშრუტი ამ დროისთვის უცნობია.
რაც შეეხება გუშინდელ ღამეს, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გასაპროტესტებლად პარლამენტთან სტუდენტები გვიანობამდე იყვნენ შეკრებილი. აქცია ეროვნული ჰიმნით დაიწყო, იყო სიტყვით გამოსვლები.
მოგვიანებით დემონსტრანტები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მსვლელობით მივიდნენ და ადგილზე კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ საქართველოს გეზი დასავლეთისკენ აქვს და ხალხის ეს არჩევანი არ შეიცვლება.
სწორედ მსვლელობის დროს მოხდა მცირე ინციდენტი მელიქიშვილის გამზირზე.
დემონსტრანტებმა ავტომობილში უმრავლესობის დეპუტატი, დავით კაჭარავა შენიშნეს და მას სადავაო კანონპროექტის მხარდაჭერის გამო ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.
"ვინმეს რომ არ ეგონოს, რომ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების გამო გვეშინია, ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის და მეტი დამოუკიდებლობა ავტომატურად ნიშნავს მეტს პასუხისმგებლობას. ჩვენ ამ გზაზე ვივლით. მიგვიღებენ ევროკავშირში ამაყად, ჩვენი ფასეულობებით, ჩვენი წინაპრების პატივისცემით," - განაცხადა დავით კაჭარავამ.
0
0
მასწავლებელ ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ
05/05/2024