30/04/2023
19:38
პოლიტიკა
მოვდივართ იმიტომ, რომ მოვეფეროთ და სიყვარული ავუხსნათ ჩემს ქვეყანას, დავინახოთ პატივისცემა და ერთმანეთის ძალა ვიგრძნოთ, მოვდივართ იმიტომ, რომ არავინ გაბედოს ამდენი სიბილწის, ვერაგობის და ღალატის გაფიქრება ჩვენი სახელით, – ამის შესახებ მსახობმა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზაზა პაპუაშვილმა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველო საკუთარ ბედს ჩვენ თვითონ უნდა წყვეტდეს
„მოვდივართ იმიტომ, რომ დასრულდეს ეს დამღუპველი აგრესია და გაუცხოება, ავიცილოთ ის მზაკვრული ჩანაფიქრი, რომელიც მომართულია ჩვენი ქვეყნის მიმართ, შევინარჩუნოთ წონასწორობა, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების ხელყოფა. მოვდივართ იმიტომ, რომ საზოგადოების ხმა იქცეს კამერტონად, ვილაპარაკოთ სიმართლე, დავძლიოთ ნიჰილიზმი და უიმედობა, არ გავატაროთ ამდენი უსამართლო შეურაცხყოფა და პასუხი გავცეთ ყველას. მზად ვართ ნებისმიერ ქვეყანასთან, ერებთან თუ ხალხებთან მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის, ოღონდ არა საკუთარი თავისა და იდენტობის გაქრობის ხარჯზე. ჩვენ ვაერთიანებთ და არ ვყოფთ საზოგადოებას, ეს გზავნილია შინ თუ გარეთ. მოვდივართ იმიტომ, რომ ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ ვერ ვიხედნებით და ვერავის უნაგირს ვერ ვგუობთ. გვინდა, სუფთა ვიყოთ საკუთარ სინდისთან და უპირობო პატივისცემა გამოვხატოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. მოგვიწევს ამის შეხსენება, რათა მიიღონ და აღირონ საქართველო ისეთი, როგორიც ის ღმერთმა დალოცა და გააჩინა. ნურც ნურავის მოუვა აზრად მისი დაკოდვა, გამოშიგვნა და გადასხაფერება. ჩვენი ხალხი, საზოგადოება ითხოვს მშვიდობას, არა ომს. მოვდივართ იმიტომ, რომ ვუთხრათ არა ყველანაირ ფაშისტურ, ბოლშევიკურ, სადისტურ მისწრაფებებს და გამოვლინებებს, ქვეყნის არევას, ჩვენი ქვეყნის საქმეებში ჩარევას, დაუსაბუთებელ რეზოლუციებს და სანქციებს, დამცირებას და შეურაცხყოფას, მუდმივ რყევას და დასამარებას. მოვდივართ იმიტომ, რომ შევიგრძნოთ ერთსულოვნების სურნელი და გავიხაროთ ერთმანეთთან შეხვედრით. ამიტომ ვამბობდით მოვდივართ და ამიტომაც მოვედით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0