08/11/2024
12:00
ეკონომიკა
„მიუხედავად იმისა, რომ სების მხრიდან განხორციელებული ინტერვენციების დაზუსტებული მონაცემები მხოლოდ 25 ნოემბერს გახდება ცნობილი, კვლავ არ წყდება სპეკულაციები დახარჯული რეზერვების ირგვლივ,“- წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
ეკონომისტის შეფასებით, სები მოქმედებდა და მოქმედებს კანონმდებლობის სრული დაცვით. გასულ წლებში იყო შემთხვევები, როდესაც სავალუტო კურსის ჭარბი რყევა ან მკვეთრი გაუფასურების რისკი გამოწვეული იყო რა არაფუნდამენტური და არაეკონომიკური მიზეზებით, მათ შორის ხელოვნური აჟიოტაჟით.
ცუცქირიძის თქმით, ეროვნულ ბანკს ლარის მკვეთრი გაუფასურება რომ დაეშვა, თან მეტად ტურბულენტურ წინასაარჩევნო პერიოდში, სწორედ მაშინ მოხდებოდა ქვეყნის დაზიანება და სახელმწიფოსთვის დიდი დარტყმის მიყენება. აქედან გამომდინარე, რეზერვების ხარჯვის ამოსავალი წერტილი არის ბაზრის დაცვა ინფლაციური მოლოდინებისაგან და არსად წერია თუ რა ოდენობის რეზერვი უნდა იყოს გამოყენებული ოპტიმალურ საზომად.
მისივე თქმით, სებმა სწორ დროს და საჭიროებისამებრ გამოიყენა რეზერვები და ამით მოსახლეობა ლარის მკვეთრი გაუფასურებისგან იხსნა. სხვა შემთხვევაში სავალუტო კურსის გაუფასურება სახეზე გვექნებოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ სების მხრიდან განხორციელებული ინტერვენციების დაზუსტებული მონაცემები მხოლოდ 25 ნოემბერს გახდება ცნობილი, კვლავ არ წყდება სპეკულაციები დახარჯული რეზერვების ირგვლივ. აქცენტები კი გადატანილია ოქტომბრის თვეში ქვეყნის სავალუტო რეზერვების რეკორდული მოცულობით, 627 მილიონი დოლარით შემცირებაზე.
კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ 4 სავალუტო ინტერვენციაზე-213 მილიონი დოლარის ოდენობით და Bmatch პლატფორმით დამატებითი ინტერვენციებზე. შესაბამისად, იქმნება ისეთი სურათი, თითქოს საქართველოს ეკონომიკა სერიოზული კრიზისის წინაშე დგას. მიმაჩნია, რომ ამ სახის ინფორმაციის ტირაჟირება და ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნა ემსახურება აშკარად დავარდნილი ოპოზიციური მუხტის გაცოცხლებას, ლარის კურსითა და რეზერვების თემით მანიპულირებით.
ამ საკითხზე არაერთხელ მისაუბრია, სები მოქმედებდა და მოქმედებს კანონმდებლობის სრული დაცვით. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ გასულ წლებში იყო შემთხვევები, როდესაც სავალუტო კურსის ჭარბი რყევა ან მკვეთრი გაუფასურების რისკი გამოწვეული იყო რა არაფუნდამენტური და არაეკონომიკური მიზეზებით, მათ შორის ხელოვნური აჟიოტაჟით, ეროვნული ბანკი ნაკლებად ერეოდა ბაზარზე და კურსის დაკორექტირებას და ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნებას საბაზრო ძალებს ანდობდა.
სამწუხაროდ, ასეთ დროს ხდებოდა ფასების მკვეთრი ზრდა და შემდეგ კურსის შედარებით დასტაბილურების მიუხედავად ფასები კვლავ მაღალი რჩებოდა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში, რაც ბუნებრივია ზემოქმედებდა ინფლაციის მაჩვენებელზე და თითოეული ჩვენგანის ხარჯებზე. იმ პერიოდში სები არაერთხელ გამიკრიტიკებია სწორედ დაგვიანებული ინტერვენციების გამო, რადგან ეროვნული ბანკის პირდაპირი ვალდებულებაა ფასების სტაბილიზაცია, რათა ასეთ დროს დაიცვას ეკონომიკა, საფინანსო სექტორი და ლარი მკვეთრი გაუფასურებისგან. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს ლარის მკვეთრი გაუფასურება რომ დაეშვა, თან მეტად ტურბულენტურ წინასაარჩევნო პერიოდში, სწორედ მაშინ მოხდებოდა ქვეყნის დაზიანება და სახელმწიფოსთვის დიდი დარტყმის მიყენება. აქედან გამომდინარე, რეზერვების ხარჯვის ამოსავალი წერტილი არის ბაზრის დაცვა ინფლაციური მოლოდინებისაგან და არსად წერია თუ რა ოდენობის რეზერვი უნდა იყოს გამოყენებული ოპტიმალურ საზომად.
ბუნებრივია, რეზერვების შემცირება არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ერთი მიმართულებით და არც მისი დაცლაა სასურველი. ჩვენ ვხედავთ, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სავალუტო რეზერვების შემცირების მიუხედავად, გასულ წელს ქვეყანაში რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა.
შარშან სებმა რეკორდულად - 1.3 მლრდ. აშშ დოლარამდე შეავსო რეზერვები, ხოლო მისმა მოცულობამ სარეკორდო 5.4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და წელსაც განაგრძობდა დაგროვებას, შეავსო რა დამატებით 288 მილიონი აშშ დოლარით. რამდენად დროული და გამართლებული იყო სების სტრატეგია ამის მაგალითად გაზრდილი ეკონომიკა, ჯანსაღი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, დაბალი ინფლაცია, სტაბილურად მზარდი სავალუტო შემოდინებები გამოდგება. ეკონომიკა იანვარ-ოქტომბრის მიხედვით გაზრდილია 9.8 %-ით, ხოლო მესამე კვარტალში 11.3 %-ით, ინფცია მიზნობრივ 3 %-იან მაჩვენებელს არ გაცდენია, რაც მთავრობის მხრიდან გონივრული ეკონომიკური პოლიტიკისა და სებ-ის სწორი და დროული გადაწყვეტილებების შედეგია. სებმა სწორ დროს და საჭიროებისამებრ გამოიყენა რეზერვები და ამით მოსახლეობა ლარის მკვეთრი გაუფასურებისგან იხსნა. სხვა შემთხვევაში სავალუტო კურსის გაუფასურება სახეზე გვექნებოდა. რეზერვების დანიშნულებაც სწორედ ესაა, დააგროვო და დახარჯო საჭირო დროს და საჭირო სიტუაციაში.
მზარდი ეკონომიკისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, პრობლემა არ იქნება შედარებით მოკლე დროში რეზერვების შევსება. ასე რომ, ამ თემით ზედმეტად შეწუხებულ საექსპერტო საზოგადოებას ვურჩევდი ლარს და ეროვნულ ბანკს თავი დაანებონ, აკრიტიკონ და რჩევები მისცენ სადაც საჭიროა, პრობლემები საკუთარ თავში მოიძიონ, ხოლო ოპოზიციასაც ვურჩევ არჩევნებში წაგების მიზეზები კარგად გააანალიზონ და თავიანთ ჩაძირულ გემს მიხედონ,“- წერს გიორგი ცუცქირიძე.
0
0