
ყველაზე საუკეთესო არის ის კონფიგურაცია, რომელიც მოქალაქეებს მისცემს არჩევანს და ეს არჩევანი უნდა იყოს ძალიან კონკრეტული, მთავარი კი უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება , - ეს განცხადება „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციურ გაერთიანებებსა და სხვადასხვა კონფიგურაციაზე საუბრისას განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ საკუთარი ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა უნდა.
მისივე განცხადებით, ივანიშვილი ქვეყნისთვის უდიდესი პრობლემაა.
კითხვაზე, რომელ პარტიასთან გამონახავს საერთოს და ვისთან გაერთიანდება ოპოზიციონერი დეპუტატი, დეკანოიძემ უპასუხა, რომ საარჩევნო სია და პარლამენტში ყოფნა მისთვის არ არის მნიშვნელოვანი და თავს ყველა ადამიანის მოკავშირედ განიხილავს, ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული. დეკანოიძემ ასევე განმარტა, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას პრემიერმინისტრის პოსტზე.
„სარჩევნო სია და ადგილი პარლამენტში ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის და ვისთვისაც საარჩევნო სია და პარლამენტში მოხვედრა აუცილებელია, მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები არ არიან მზად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მე ველაპარაკები ყველას, ოღონდ ეს არის ჩვენი თანამშრომლობა. მესმის, რომ ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა უნდა მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს არ არის ის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც ამ წუთას აინტერესებს ხალხს. საუბარი არ არის პარტიულ სიებზე, საუბარია, ვის რა შეგვიძლია ივანიშვილის დასამარცხებლად. ამ ეტაპზე არ წარმოვადგენ რომელიმე პარტიას, ცალსახაა, რომ არ ვუერთდები „ნაციონალურ მოძრაობას,“ მაგრამ თავს განვიხილავ ყველა იმ ადამიანის მოკავშირედ, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული. ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ მე მხარს ვუჭერ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რომელიც, წესით, უნდა იყოს გამაერთიანებელი ძალა. მას აქვს ის უნარი, რომ განსხვავებული მოსაზრების ადამიანები გააერთიანოს“ , - განაცხადა დეკანოიძემ.
0
0
სამეგრელოში სამ მოზარდს ავტომობილი დაეჯახა
14/05/2025