-share.jpg)
“არ ვიცი, გიორგი ჩალაძეს რა სტატუსი აქვს პარტიაში, მაგრამ მის განცხადებას ჰქვია მავნებლობა და მეტი არაფერი”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
ანა ბუჩუკური გამოეხმაურა გიორგი ჩალაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“.
ანა ბუჩუკურის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ აქვს რესურსი, არათუ ხელისუფლებას გაუწიოს სერიოზული ოპონირება, არამედ იმის რესურსიც არ აქვს, განახლება მოახდინოს.
„როდესაც ჩვენი გუნდი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ არის ერთი ჯოხის ორი ბოლო, ზუსტად ამას ვგულისხმობთ, მსგავს დამოკიდებულებას. ვხედავთ „ნაცმოძრაობის“ დღევანდელ უპასუხისმგებლო განცხადებებს, გადაწყვეტილებებს თუ ქმედებებს, მაგრამ ისინი ხუთი წლის წინაც არ ყოფილან განსხვავებული. ანუ, ამ შემთხვევაში მაინცდამაინც ხაბეიშვილის ხელმძღვანელობას ვერ შევტენით ამ ამბავს და ვერ დავაბრალებთ. ეს ზუსტად ის არის, რაც აცოცხლებს და აძლიერებს „ქართულ ოცნებას“. ამ მოვლენებით, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, განსაკუთრებით დღეს, დასტურდება, რომ „ნაცმოძრაობა“ არის წარსულის წარსული. ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას აღარ აქვს რესურსი, არათუ ხელისუფლებას სერიოზული ოპონირება გაუწიოს, არამედ იმის რესურსიც კი არ აქვს, განახლება მოახდინოს“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
0
0