-share.jpg)
ეს ემოციები რომ ჩაცხრება, მათ შორის ისინიც, ვინც აქციაზე იყვნენ, დაფიქრდებიან, რას აპროტესტებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას, თუმცა მან თავისი შედეგი გამოიღო იმ მხრივ, რომ დარწმუნებული ვარ, მოქალაქეები დაფიქრდნენ. ეს ემოციები რომ ჩაცხრება, მათ შორის ისინიც, ვინც აქციაზე იყვნენ, საერთო ჯამში დაფიქრდებიან, რას აპროტესტებდნენ და დაფიქრდებიან იმაზე, იქნებ, მათთვის უკეთესი იყოს, ჰქონდეთ ინფორმაცია, რომელიც მათთვისვე არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ინიცირებული კანონპროექტების მიზანი იყო გამჭვირვალობა, რაც რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არის მიუღებელი.
„რამდენიმე დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია მართლაც აქვეყნებს თავის ყოველწლიურ ანგარიშს და ფინანსებიც ქვეყნდება, მაგრამ იმ ორგანიზაციების ფინანსები, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან, მაგალითად, „სირცხვილია“, არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე. ამასწინათ, სადღაც დადეს თავიანთი დონორების დასახელება და არსად არ ამბობენ, რა თანხას იღებენ, რომელი დონორისგან, რა პერიოდით და რა თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ, „სირცხვილიას“ წარმომადგენელი გიგა მაქარაშვილი პარლამენტის წინ როგორ განსჯიდა იმას, თუ როგორ შევარდნილიყო პარლამენტში. ის არის არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი და მარტივი კითხვაა, რომელი პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა პარლამენტის წინ და გეგმავდა პარლამენტში შევარდნას; ძალიან მაინტერესებს, რომელი პროექტის დაფინანსებით ხდებოდა ეს.
პარტია „დროას“ აქვს შექმნილი იმავე სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არის აბსოლუტური ფეიკი და, რომელიც არაფერს არ აკეთებს, გარდა იმისა, რომ თანხის აკუმულირებას აკეთებს პარტიისთვის და იღებს შემოსავალს იმისთვის, რომ პარტია დააფინანსოს. პარტიებს აკრძალული აქვთ, რომ საზღვარგარეთიდან მიიღონ დაფინანსება და მათ შექმნილი აქვს ასეთი ფეიკ „ენჯეოები“, რომლებიც იღებენ დაფინანსებას, ვითომ როგორც „ენჯეოები“, სინამდვილეში კი ეს არის პარტიული დაფინანსება და ამას იღებენ უცხოური წყაროებიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0