01/06/2023
18:44
სამართალი
მომღერალ არჩილ მეფარიძის ბრალდების საქმეზე პროკურატურის ორი მოწმე გამოიკითხა. ექსპერტებმა იმ დაზიანებებზე ისაუბრეს, რომელზეც დაზარალებული ქალი ამტკიცებს, რომ მომღერალმა მიაყენა.
პროკურორი ამბობს, რომ მოწმეებმა პროკურატურის ვერსია ძალადობასთან დაკავშირებით დაადასტურეს. სხდომას თავად მეფარიძეც ესწრებოდა, რომელიც ბრალს უარყოფს და მისი მხრიდან ძალადობას გამორიცხავს.
„არ ვაღიარებ დანაშაულს. ის, რაც არ ჩამიდენია, როგორ უნდა ვაღიარო. იმედი მაქვს სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა მომღერალმა ჟურნალისტებთან.
საქმე ეხება 2022 წლის 7 აპრილს, ვაკეში მომხდარ ფაქტს. მომღერალს ძალადობაში ქალბატონი ადანაშაულებს, რომელიც ჰყვება, რომ მანქანის გადასწრების გამო მეფარიძემ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მისი თქმით, მეფარიძემ ჯერ მანქანას წიხლი დაარტყა, შემდეგ კარი გააღო და მას თავს დაესხა. მეფარიძეს ბრალი წარედგინა ორი მუხლით: სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი, რაც ძალადობას გულისხმობს და 151-ე მუხლი, რაც სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ჯარიმა, შინაპატიმრობა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
0
0