14/09/2023
17:27
ტაბლოიდი
შონ პენმა 2022 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე მომხდარი ინციდენტი შეაფასა.
"უილ სმიტს არ ვიცნობ. ერთხელ შევხვდით, ძალიან თავაზიანი იყო. საოცრად კარგად ითამაშა მეფე რიჩარდში. ვერ ვიგებ რა ჯანდაბად გააკეთა ეს სისულელე? ზუსტად მსგავსი საქციელისთვის არ მოვხვდი ციხეში? და დანარჩენები ისევ იქ ისხდნენ. რატომ უკრავდნენ ტაშს ასეთ ადამიანს? ეს ნეხვი არ მოხდებოდა ცერემონიას ზელენსკი რომ დასწრებოდა. უილ სმიტი ძალადობის ჩასადენად საკუთარი სკამიდან არ ადგებოდა". – ამბობს პენი გამოცემა Variety-ისთან ინტერვიუში.
2022 წლის 28 მარტს, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე უილ სმიტმა კომიკოს კრის როკს სილა გაარტყა.
სცენაზე კატეგორიის წარსადგენად გამოსული კრის როკი რამდენიმე ვარსკვლავს გაეხუმრა. კომიკოსმა იხუმრა უილ სმიტის ცოლის, ჯადა პინკეტ-სმიტის ვარცხნილობაზე. პინკეტ-სმიტი ბოლო პერიოდში თავს იპარსავს, ვინაიდან ალოპეცია (თმის ცვენა) აქვს. უილ სმიტი სცენაზე ავიდა და ხუმრობის ავტორს სილა გაარტყა.
სმიტმა მოგვიანებით მეფე რიჩარდში შესრულებული როლისთვის კარიერაში პირველი ოსკარი მიიღო. მადლობის სიტყვაში მან ბოდიში მოუხადა აკადემიას და ნომინანტებს, თუმცა არ უხსენებია კრის როკი. მსახიობმა გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა: "იმედია, კინოაკადემია კიდევ მომიწვევს დაჯილდოებაზე".
ოსკარის ცერემონიის ჩატარებამდე ცოტა ხნით ადრე პენმა ამერიკის კინოაკადემიას ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევა შესთავაზა. დაჯილდოების ორგანიზატორებმა პენს უარი უთხრეს. 2022 წლის ოსკარებმა პრაქტიკულად უკრაინის ომზე ხსენების გარეშე ჩაიარა.
0
0