
„გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე რიკოთის უღელტეხილზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „უკვე დიდი ხანია საგზაო დეპარტამენტის სულელური ბრძანების შესრულების გამო მოქალაქეები ფერხდებიან“.
ხვიჩიამ პარლამენტის წევრებს თხოვნით მიმართა და მოუწოდა, რომ მოქალაქეებისთვის მინიმუმი გააკეთონ და გზა გაუხსნან მათ.
„ტელეფონში 12 აპრილის ნიუსი მაქვს გახსნილი, სადაც მითითებულია რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთზე ქვათაცვენის გამო მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და მსუბუქი ავტოტრანსპორტით 12 აპრილს გადაადგილებას კვლავ გომი-საჩხერის-ჭიათურის-ზესტაფონის გზით შევძლებთ.
ანუ ამ წლის 12 აპრილიდან რიკოთის გზა გვაქვს გადაკეტილი საქართველოს მოქალაქეებისთვის საღამოს 7 საათიდან დილის 7 საათამდე. ამ ქვათაცვენის გამო ჩვენი მოქალაქეები რამდენიმე თვეა წვალობენ და დადიან გაპარტახებული გზით, რომელიც არის ჭიათურა-საჩხერის გზა.
ეს ორი პრობლემაა, რატომ არის გაპარტახებული ის გზა და მეორე საკითხია ამ გაპარტახებული გზით საქართველოს მოქალაქეებს რომ ვატარებთ. პოლიცია ცინიკურად გეუბნება და მოქალაქეებს ეუბნება, რომ „ეს ჩემივე უსაფრთხოებისთვის კეთდება“. გუშინ ეს კომიტეტზე გაიმეორა ქალბატონმა ნინო წილოსანმა და დეტალურად მინდა ამის შესახებ მოგიყვეთ, რომ მსგავსი რაღაცების თქმის სურვილი არ გაგიჩნდეთ.
12 აპრილამდე ყველანი უსაფრთხოდ დავდიოდით, ტრაილერებიც და მოქალაქეებიც იმ გზით, რა გზითაც მე მთელი ჩემი ცხოვრება გადავაადგილდებოდი, ჩამოიქცა ერთ ადგილას მეწყერი, მერე ეს გზა გაიწმინდა, მაგრამ წესრიგი ისევ იგივეა რაც ისეთ დროს იყო, როცა მეწყერი არსებობდა.
პოლიცია ცინიკურად ხალხს ეუბნება, რომ არსებობს საგზაო დეპარტამენტის ბრძანება რომელსაც ჩვენ ვასრულებთ და ამიტომ „თქვენივე უსაფრთხოების მიზნით არ გიშვებთ რიკოთიდან“ და გიშვებთ გაპარტახებული გზიდან, სადაც ავარიულით დავდიოდით მე, ჩემს წინ და უკან მოსიარულე მანქანები.
ამაზე ვარ ძალიან გაბრაზებული. გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ არ შეიძლება საქართველოს მოქალაქეს ეუბნებოდე ამ სისულელეს, რომ მათივე უსაფრთხოების მიზნით უშვებ გზაზე, რომელიც მოწესრიგებული არ გაქვს და არ უშვებ იმ გზაზე, საიდანაც მთელი ცხოვრება ამ ქვეყანაში ხალხი დადიოდა.
შევარდნაძის დროს ლარს იხდიდი, მაგრამ ამ გზით დადიოდი. მინდა გთხოვოთ პარლამენტის წევრებს, რომ ყველაზე მინიმუმი გავაკეთოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის გზა გავუხსნათ და ნუ შევაფერხებთ მათ მოძრაობას რიკოთზე.
მინდა რაღაცნაირად ჩემი გაბრაზება ვაცნობო ბატონ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და მან იცის რომ უპატივცემულოდ არცერთი სიტყვა არ დამცდენია, ძალიან გაბრაზებული ვარ იმით, რომ რაღაც თვალსაზრისით ვერ მოხერხდა თუნდაც ის რომ პარლამენტის წევრი გაეშვათ დილის 10 საათზე კომიტეტზე მოსასწრებად. უფრო მეტად ვარ გაბრაზებული იმით, რომ საგზაო დეპარტამენტის სულელური ბრძანების შესრულების გამო მოქალაქეები ფერხდებიან“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
0
0