
ვიმედოვნებთ, დღეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საბოლოო პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული - ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს! - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა, სადაც რამდენიმე წუთში ელენე ხოშტარიასთან მისი პირადი ექიმი უნდა შევიდეს.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, „მათთვის უმთავრესი და გადამწყვეტი არის მეგობრის, თანამოაზრის და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენა“.
„ჩვენ აქ ვიმყოფებით იმიტომ, რომ დავაკვირდეთ პროცესებს, რომელიც ელენე ხოშტარიასთან ექიმების შესვლას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საბოლოო დასკვნისთვის ბოლო ვიზიტს უკავშირდება. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება შეხვედრა პენიტენციურ სამსახურთან თბილისში, კერძოდ, ჯანდაცვის დეპარტამენტთან. ვიმედოვნებთ, რომ დღეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საბოლოო პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ექიმები შევლენ რამდენიმე წუთში ციხეში. იქნება საბოლოო დასკვნა მათი მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ ელენეს მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს დაუყოვნებლივ ჩარევას. ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. არ შეიძლება ადამიანი უკანონო პატიმრობის გარდა, იმყოფებოდეს უმძიმესი ტკივილების ქვეშ, რაც უტოლდება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას.
მინდა ყველას გთხოვოთ დღეს, 14:00 საათზე, შევიკრიბოთ პენიტენციური დაწესებულების შენობის წინ და დაველოდოთ დასკვნას, გადაწყვეტილებას, რომელიც იმედი მაქვს იქნება ადეკვატური, მოგვცემენ შესაძლებლობას ელენეს ჯანმრთელობა გამოვასწოროთ და მოვუხსნათ ის მძიმე და აუტანელი ტკივილები, რომელიც მას გამოწვეული აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
ამ წუთას, არ ვაპირებთ რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღებას. ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას. თუმცა მისი მიუღებლობის შემთხვევაში ჩვენი ნაბიჯებიც იქნება საპასუხო იმ უარყოფითი გადაწყვეტილებისა, თუ ამგვარი იქნება მიღებული. ჩვენ ამ წუთში ამ საკითხზე პოლიტიკურ კაპიტალიზაციას არ ვაპირებთ. ჩვენთვის უმთავრესი და გადამწყვეტი არის ჩვენი მეგობრის, თანამოაზრის და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენა“, - განაცხადა გვარამიამ.
0
0