11 ადამიანს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, მათგან 6 სამართალდამცავი გახლდათ. არცერთ შემთხვევაში მდგომარეობა მძიმე არ არის, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გუშინდელ აქციაზე დაშავებულების შესახებ საუბრისას „იმედს“ განუცხადა.
მისივე თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციაზე არ იყო ხელმისაწვდომი სასწრაფო დახმარების სერვისი.
„აქვე უნდა ვთქვა, რომ მძიმე და დრამატული შტრიხებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ათეულობით ადამიანია დაშავებული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შეიძლება იყოს გარკვეული ტრავმები, რაც მიკროტრავმებად შეიძლება ჩავთვალოთ. წიწაკის სპრეის გაშვების შემთხვევაში იქვე მდგომი სასწრაფოს ბრიგადები ეხმარებიან ხოლმე ადამიანებს, რომ გარკვეული მავნე ეფექტები მოიცილონ. აბსოლუტურად უმიზეზოდ გაჩაღდა ერთგვარი კამპანია, თითქოს იქ სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი არ იყო. რასაკვირველია საკმარისზე მეტი რაოდენობით არის დახმარების სერვისი. მაგალითად მოვკარი თვალი ასეთ ინფორმაციას, რომ თითქოს სასწრაფო დახმარების სერვისის ხელმიუწვდომლობის გამო რომელიღაცა უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ ქაშვეთის ეზოში და მზად იყვნენ დახმარება აღმოეჩინათ მოქალაქეებისთვის. იქვე ზუსტად იდგა რამდენიმე ეკიპაჟი და იმ წუთას, როდესაც ეს პანიკური ინფორმაციები ვრცელდებოდა, კაციშვილს არ სჭირდებოდა დახმარება. ეს იყო ბევრ შემთხვევაში გამიზნული, რომ ადამიანები როგორმე უფრო დაეძაბათ და ამ კუთხითაც მიეყენებინათ რეპუტაციული ზიანი ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა სარჯველაძემ.
0
0