
არ მოდის რევოლუცია, დამშვიდდით და აგიხსნით რატომ, დამშვიდდით ან დამამშვიდებლები დალიეთ, იმიტომ, რომ უკვე არ არის სერიოზული ქართველი ხალხის დაცინვა თქვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
განცხადების გაკეთებამდე მან სხდომათა დარბაზში მსხდომ დეპუტატებს მოასმენინა ნაწყვეტი მხატვრული ფილმიდან „ნატვრის ხე“ - „მოდის გაცოფებული მღელვარება, დელგმა, ნიაღვარი, რევოლუცია მოდის“, რის შემდეგაც განაცხადა, რომ რევოლუცია საქართველოში არ მოდის, რადგან ევროკავშირმა მტკიცედ გადაწყვიტა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
„რატომ არ მოდის რევოლუცია ახლა აგიხსნით, იმიტომ, რომ თქვენი გეგმა, საბოტაჟი მოგეწყოთ ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსისთვის, ჩაშლილია! ევროკავშირმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც თქვენ გააკეთეთ, ჩაშლილი 12 მოთხოვნისა, სამარცხვინო მასკარადის, რომელიც დღეს ბათუმში მიმდინარეობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის სახით, სამარცხვინო ინიციატივების, რუსული კანონის, ახლა დაწყებული ახალი რუსული მასკარადის მანიფესტაციების შეზღუდვის შესახებ, ევროკავშირს აქვს მტკიცედ გადაწყვეტილი, რომ „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილსა და რუსეთს არ მისცეს შანსი, რომ ჩვენი ქვეყანა დარჩეს კანდიდატის სტატუსის გარეშე. ამიტომ ახლა მე მესმის ივანიშვილის მძიმე მდგომარეობა - ერთი მხრივ, მან პასუხი უნდა გასცეს თავის უფროსებს მოსკოვში კანდიდატის სტატუსს თუ მიანიჭებენ ამ ქვეყანას და ეშინია, რომ გააგდებენ ხელისუფლებიდან და მეორე მხრივ, ეშინია ქართველი ხალხის, რომელიც აუცილებლად მოსთხოვდა პასუხს მის ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის ჩაგდების გეგმა მას რომ წარმატებით განეხორციელებინა. მაგრამ ვერ განახორციელებთ ამ გეგმას! ამიტომ დროა ივანიშვილმა იდარდოს, რას ეუბნება თავის უფროსებს მოსკოვში“, - განაცხადა სამადაშვილმა.
0
0