03/05/2022
18:15
პოლიტიკა
არ მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი აწამეს, თორემ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერდი - სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი კი ქვეყნის 90%-ს არ აწუხებს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
„პირველი, არ ვთვლით, რომ მიხეილ სააკაშვილი ვინმემ აწამა. მეორე, არ მიგვაჩნია სწორად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი პარლამენტში უნდა იყოს მომავალი თვეების მანძილზე, 6 თვის მანძილზე. ისედაც სულ ამათზეა საუბარი და არ ვთვლით, რომ კიდევ მთლიანად პარლამენტი უნდა მოიცვას ამან. მესამე, უამრავი საგამოძიებო კომისია არის შესაქმნელი, მათ შორის დაინიცირებულიც იყო 5 ივნისის საქმეზე, რომელსაც სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შემოუერთდა და ეს კომისიები არ შეიქმნა. ადამიანები დასახიჩრდნენ, მედიის წარმომადგენლები სცემეს და ეს თითქოს არ არსებობს და ერთადერთი საკითხია ფარმაკოლოგიური წამება. მე რომ გულწრფელად მჯეროდეს, რომ იქ ის ვინმემ აწამა, ნამდვილად დავუჭერდი მხარს იმიტომ, რომ ჩემი დამოკიდებულება პარტიის მიმართ არ განსაზღვრავს დანაშაულის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას. თუ ადამიანი აწამეს, ვინც არ უნდა იყოს დავუჭერდი მხარს.
ვერანაირი დასკვნა ვერ დაიდება და საერთოდ ეს მათთვის კონტრპროდუქტიული იქნება და მეორე ამბავი არის ის, რომ რამდენი რამეა გამოსაძიებელი, რამდენი პრობლემაა, რამდენი უსამართლოდ ციხეში ნამყოფი ადამიანია, რამდენი ნაწამებია ადამიანი და ამათზე არავინ არ ლაპარაკობს. თუ ვლაპარაკობთ რაღაც გამოძიებაზე, მოდით, მაშინ ყველაფერი გამოვიძიოთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მისივე თქმით, მოსახლეობის 90%-ს მიხეილ სააკაშვილის პრობლემები არ აწუხებს.
„მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ ამ ქვეყნის 90%-ს არ აწუხებს ეს მაინც და მაინც. ბევრი ადამიანი შიმშილობს, ბევრ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. ბევრი პატიმარია ციხეში, ვისაც ანალოგიური მდგომარეობა აქვს და მათზე არსად არ არის საუბარი“, - განაცხადა იოსელიანმა.
0
0