
ნათლისღებას მართლმადიდებელ ეკლესიათა ნაწილი 19 იანვარს აღნიშნავს. ნათელმირონობას საქართველოში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ყველა ცდილობს ნათლიად ყველაზე ახლობელი და კარგი ადამიანი შეარჩიოს. ტრადიციულად, 19 იანვარს ნათლულები ნათლიებს ულოცავენ და შეძლებისდაგვარად სტუმრადაც მიდიან.
„ჩემი შვილის ნათლია დათო მაღრაძეა, მეც კარგი ნათლულები მყავს, მათ შორის, ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილი“
თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი:
- სხვათა შორის, ძალიან კარგი ნათლიები მყავდა და სამწუხაროდ, ორივე მათგანი გარდაცვლილია, ერთი იყო გუნდა კალაძე, პოეტ კარლო კალაძისა და მხატვარ თამარ აბაკელიას ქალიშვილი, მეორე კი - მწერალი ციალა არდაშელია, რომელიც მერაბ კოსტავასთან ერთად, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დამფუძნებელი, დისიდენტი იყო, ძალიან საინტერესო პიროვნება. ორივესთან შესანიშნავი და თბილი ურთიერთობა მქონდა, განსაკუთრებით, ციალასთან, რადგან გუნდა ადრე გარდაიცვალა, ავადმყოფობის გამო. ციალა დედას და მამას მეგობარი იყო, გუნდა კი მამას კლასელი. კარგად მახსოვს, როგორ მომნათლეს დიდუბის ეკლესიაში, კადრებად ჩამრჩა მეხსიერებაში. ციალას ცხოვრება თავიდან ბოლომდე ეროვნულ მოძრაობაზე იყო დაფუძნებული და ეს ყველაფერი მეც მახსოვს, მათ შორის, ერთი ეპიზოდი... სიონიდან გამოდიოდნენ და ქუჩაში პროკლამაციებს აკრავდნენ... მე კი, ამით აღფრთოვანებულმა, ტვინი წავუღე, გეხვეწები, მეც მინდა, მეც გამაკვრევინეთ-მეთქი. ღელავდა, არ უნდოდა, რომ ეს მეც გამეკეთებინა, მაგრამ მაინც დავითანხმე. 13 წლის ვიყავი და ნათლიაჩემთან ერთად რომ პროკლამაციები გავაკარი - თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს და სახლში რომ მოვედი, მეგონა, რაღაც საოცრება ჩავიდინე, ძალიან კმაყოფილი და უბედნიერესი ადამიანი ვიყავი...
- როგორ ფიქრობთ, რა დაგანათლეს ნათლიებმა?
- რუსულ ლიტერატურას არაფერს ვერჩი, მაგრამ... იმდენად კარგად ვიცნობ, ვხუმრობ ხოლმე, ვინც კარგად არ იცნობს, სწორედ ისინი არიან რუსეთუმეები-მეთქი. ვთვლი, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელიც არასდროს არავისთან მეზობლობდა, მათ შორის, საქართველოსთან. ჩემმა ნათლიებმა, იმ წრემ, რომელიც ჩვენს სახლში იყრიდა თავს, განაპირობა, რომ მე დღეს ასეთი შეხედულებები და დამოკიდებულებები მაქვს. ჩემი დამოკიდებულება ეროვნული რაღაცებისადმი, უპირველესად ჯანსუღის გავლენაა და მათ შემთხვევით არ მოანათლინა ჩემი თავი. ეს ყველაფერი საფუძველში დევს.
- თქვენი ძმის - მამუკას ნათლიები ვინ არიან?
- სხვათა შორის, მამუკას უფროსი შვილი - ირინოლა ოთარ ჭილაძემ მონათლა. როგორც იცით, მას მამაჩემის ლექსიდან ჰქვია ეს სახელი და სწორედ ოთარმა შეურჩია.
ტარიელ ჭანტურიას შვილთან - ირაკლი ჭანტურიასთანაც ნათელ-მირონობა გვაკავშირებს, ის მამუკამ მონათლა. ჩემს ქორწილში მეჯვარე და შესაბამისად, ჩემი შვილის - ირმუშკა გიგანის ნათლია პოეტი დათო მაღრაძეა. ირმას ნათლიაა, ასევე, იოსებ ნონეშვილის მეუღლე - მედიკო, ულამაზესი ქალბატონი იყო და ჩემი მშობლები ძალიან მეგობრობდნენ მასთან. მამაჩემის ნათლია იყო თენგიზ კეკელიძე, თბილისელი კოლორიტული პიროვნება. ჯანსუღს ბევრი ნათლული ჰყავდა, მათ შორის არიან, მაგალითად, მომღერალი დათო გომართელი, ქეთი გაბუნია... ირაკლი აბაშიძის შვილიშვილის - ბათას ნათლიები არიან დედაჩემი და მამაჩემი. ასეთი სასიამოვნო “ხლართებია” ჩვენთან. ის მეგობრობა, რომელიც ამ წრეში, ამ შემოქმედ ხალხთან იყო, ნათელ-მირონობაში გადაიზარდა და კიდევ უფრო გამყარდა.
მიხარია, რომ მეც ძალიან კარგი ნათლულები მყავს, ერთმანეთზე უფრო ლამაზები, სიმპათიურები და განათლებულები, არავინ გამომრჩეს - გუგა გუნცაძე, ნუცა იმნაძე, ირინა ბათიაშვილი - ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილი, ანა რუხაძე, ანუშკა გოდოლაძე. ნათლისღებას მირეკავენ ხოლმე და მილოცავენ.
- საერთოდ, რამდენად მნიშვნელოვანია ნათელ-მირონობა თქვენთვის და ეს ტრადიცია?
- პირველ რიგში, ძალიან არ მომწონს ქილიკი რელიგიურ საკითხებზე, რომელიც თითქოს მოდური გახდა. ეკლესიასა და სამღვდელოებაში მანკიერი მხარე უთუოდ არის, მაგრამ ეს რა შუაშია რელიგიასთან? სადღაც ვინმე ცუღლუტი მოძღვარი რომ იქნება, ეს ჩვენს რწმენაზე არ აისახება. რწმენა იმდენად ინტიმური რამ არის, საკრალური, ხელშეუხებელი, რომ ვინ, რას და როდის აღნიშნავს, არავის საქმე არ არის. ორ-ორ დღესასწაულზე მეც ვხუმრობ ხოლმე, მაგრამ ამას ისტერიკულად კი არ ვუდგები. ნეტავ ბევრ კეთილშობილურ დღეს აღვნიშნავდეთ, რაც სიყვარულს ემსახურება და რა გვიჭირდა. როცა იქნება, დადგინდება ის ერთი დღე, რაზეც უნდა შევჯერდეთ, რა და როგორ იქნება, მაგრამ ის, რომ ეს დაპირისპირების საგნად იქცეს, არასწორად მიმაჩნია. შობის დღესასწაული ისეთი რამაა, ამაშიც დაპირისპირება ვეძიოთ, არასწორია და ამაზე ქილიკს არანაირად არ ვემხრობი. ეს მოდური არ უნდა გახდეს. უკიდურესობა არსად უნდა დაგვემართოს. წითელ კვერცხს ვღებავ? არ არის შენი საქმე, მინდა და ვღებავ, მომწონს ეს რიტუალი და ვღებავ. ამას რომ ქილიკი დაჰყვება, პირდაპირ გეტყვით, მაგარი გოიმობა მგონია. ამ ყველაფერში თავისუფალი უნდა იყო. ურწმუნო და ამორეცხილ ადამიანზე საშიში არაფერია, თორემ ვის რა რწმენა აქვს, რაში მაინტერესებს? ნეტავ კი ჰქონდეთ საერთოდ ღირებულებები.
მე არ მინდა, ჩვენი ეკლესია ვიღაცამ ცუღლუტ მღვდლებთან გააიგივოს, იმიტომ, რომ იქ ძალიან მაგარი ხალხიცაა, ბერებიც. დრო ყველაფერს დაალაგებს, ნორმალურ სახე მიიღებს, სუფთა, განათლებული სასულიერო პირები თავის ადგილას იქნებიან და ცუღლუტები - თავიანთ ადგილას. ამის გამო, მთლიანად ეკლესიას ლანძღავდე, სწორად არ მიმაჩნია, აქ ზომიერებაა საჭირო. ეს ძალიან საფრთხილო თემაა.
ვულოცავ ყველას ნათლისღების დღესასწაულს, ჩემს ნათლულებს, ვუსურვებ თავისუფლებას - ნამდვილს, ღირებულებებით სავსეს, ბედნიერებას, საქართველოსთვის ნანატრ დასავლურ გზაზე.
“კვირის პალიტრა”
0
0